ბს-1234-1196(კ-08) 20 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 23 იანვარს გ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 12 მაისიდან 2000 წლის 30 დეკემბრამდე იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ანსამბლ “მამულის” მოსამსახურის შტატში. მოსარჩელე ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მოპასუხეს მასთან სახელფასო დავალიანების საბოლოო ანგარიშსწორება არ მოუხდენია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს გაცემული ¹4754 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1094,81 ლარს, მათ შორის, 1998 წლის _ 304,09 ლარს, 1999 წლის _ 485,87 ლარს, ხოლო 2000 წლის _ 304,85 ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2008 წლის 9 იანვრის ¹9/26 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა, მაგრამ იმ ეტაპზე გ. გ-ს უარი ეთქვა დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დავალიანების _ 1094,81 ლარის ანაზღაურება დაკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1094,81 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 21 დეკემბრის ¹4754 ცნობის თანახმად, გ. გ-ის მიმართ ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1094,81 ლარს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 9 იანვრის ¹9/26 წერილით გ. გ-ს ეცნობა, რომ მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსების გამოყოფის ან წარმოშობილი ეკონომიის ხარჯზე, იმ ეტაპზე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, იგი კვლავ დაუბრუნდებოდა მის მიმართ დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, 1341-ე მუხლზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4, მე-12 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, “ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტზე”, არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათო ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონისმიერი ვალდებულება იყო და მათი მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, სრულად გაეცა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება. რაც შეეხებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული სამართლის ინსტიტუტები შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნებოდა მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, როგორც სამხედრო მოსამსახურე და აღნიშნული ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება და მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3, მე-5 მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მოვალეობა იყო არა საჯარო ინფორმაციის გაცემა, არამედ აღნიშნული დეპარტამენტი ახორციელებდა დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი 2008 წლის 9 იანვრის ¹9/26 წერილით მოსარჩელეს უდასტურებდა მის მიმართ დავალიანების არსებობას და არ მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი პრეტენზია იყო დაუსაბუთებელი, ვინაიდან სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა ისინი გაბათილებული.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობის დამადასტურებელ გარემოებად ვერ იქნებოდა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი ცნობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელფასო დავალიანება კვების კომპენსაციასაც მოიცავდა, რაზედაც, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის მიერ მოსარჩელეზე გაცემული ცნობით დადგენილი იყო, რომ გ. გ-ის კუთვნილი, ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1094,81 ლარს და ამ დოკუმენტით მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. გ-ის მიმართ 1094,81 ლარის დავალიანების არსებობის დადასტურება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტის შინაარსზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფდა მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო და უფრო მეტიც, იგი კვლავ აღიარებდა მოსარჩელის წინაშე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა, ერთი მხრივ, გ. გ-ის უფლება, მოეთხოვა მითითებული თანხა, ხოლო მეორე მხრივ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, გაეცა ხსენებული თანხა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2008 წლის 9 ივლისის წერილით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანების არსებობა და გამოხატა ნება, შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას და შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა 1094,81 ლარის დავალიანების აღიარება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარების და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების ხელფასის _ 378,01 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 716,80 ლარის ოდენობით გადახდა.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ხსენებული განჩინება დაუსაბუთებელია.
კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვების კომპენსაცია) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (2000 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. იმავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახურები წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მას დანამატის სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 24 იანვარს და ამდენად, მოსარჩელემ გაუშვა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის 2008 წლის 21 თებერვლის ¹677 ცნობა ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად და მას მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი აქვს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ფინანსების მართვის დეპარტამენტის შესაბამისი წერილის პირველ აბზაცზე, სადაც ასახულია განმცხადებლის (მოსარჩელის) მოთხოვნის ფარგლები, კერძოდ, განმცხადებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სთხოვდა მხოლოდ ხელფასის და არა კვების კომპენსაციის თანხებს. აქედან გამომდინარე, სრულიად ცალსახაა, რომ ხსენებული წერილი, კვების კომპენსაციის თანხების ნაწილში, არ შეიძლება ჩაითვალოს არც ვალის აღიარებად, არც ადმინისტრაციულ დაპირებად და არც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-ის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება გ. გ-ის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-ის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-ის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება გ. გ-ის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-ის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს გ. გ-ის მხოლოდ კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. გ-ი, დაბადებული 1972 წელს (ს.ფ. 4), 1998 წლის 12 მაისიდან 2000 წლის 30 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ..... მოსამსახურის შტატში (ს.ფ. 5). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს გაცემული ¹4754 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1094,81 ლარს, მათ შორის, 1998 წლის _ 304,09 ლარს, 1999 წლის _ 485,87 ლარს, ხოლო 2000 წლის _ 304,85 ლარს (ს.ფ. 3). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2008 წლის 9 იანვრის ¹9/26 წერილის მიხედვით, გ. გ-ის მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო იმ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, იგი კვლავ დაუბრუნდებოდა მის მიმართ დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას (ს.ფ. 6). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 2007 წლის 21 თებერვლის ¹677 წერილის თანახმად, გ. გ-ე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება _ 1094,81 ლარი, მათ შორის, 1998-2000 წლების ხელფასი _ 378,01 ლარი და 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია _ 716,80 ლარი (ს.ფ. 87).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2008 წლის 9 ივლისის წერილით მოსარჩელის მიმართ განხორციელდა 1094,81 ლარის დავალიანების აღიარება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატს და სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2008 წლის 9 იანვრის ¹9/26 წერილით (რომელშიც არ არის მითითებული თანხის ოდენობა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა მოსარჩელის მიმართ მხოლოდ 1998-2000 წლების ხელფასის დავალიანების არსებობა 378,01 ლარის ოდენობით და არ უღიარებია 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის _ 716,80 ლარის დავალიანების არსებობა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹4754 ცნობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (კვების კომპენსაციის თაობაზე) მოხდა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 716,80 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 716,80 ლარის გ. გ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ 716,80 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 716,80 ლარის გ. გ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. გ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 716,80 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 378,01 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.