საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1235-1179(კ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე. (ადმინისტრაციული საქმე რ. ჭ-იას სარჩელისა გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ)
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 21 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1235-1179(კ-09) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგანაც საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი –ვ. გ-შვილი. საკასაციო საჩივარს დართული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვ. ს-ძის მიერ 2009 წლის 15 ივნისს გაცემული ბრძანება, ვ. გ-შვილისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. (იხ. ს.ფ 94. ტ II) და არ იყო წარმოდგენილი დღეის მდგომარებით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ვ. გ-შვილის აღჭურვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე.
2009 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ¹626 ბრძანება ვ. გ-შვილისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა კასატორს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორს – თავდაცვის სამინისტროს განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 8 ოქტომბერს. შესაბამისად ხარვეზის შევსება მას შეეძლო 2009 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
თავდაცვის სამინისტრომ კი ხარვეზის შევსების მიზნით, უზენაეს სასამართლოში თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ¹626 ბრძანების ასლი- ვ. გ-შვილისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ წარმოადგინა ვადის დარღვევით- 2009 წლის 15 ოქტომბერს.
2009 წლის 16 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ დასტურად იმისა, რომ მათ ხარვეზი გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, დამატებით წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გზავნილისა და განჩინების ასლები, რომელზეც იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის შტამპი. მასზე მითითებული თარიღი იყო 2009 წლის 9 ოქტომბერი.
საკასაციო სასამართლო საპროცესო ვადის ათვლის თარიღად ვერ მიიჩნევს 2009 წლის 9 ოქტომბერს, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს_თავდაცვის სამინისტროს განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო წარმოდგენილი შტამპი ადასტურებს სამინისტროს შიდა სტრუქტურებს შორის გზავნილის მოძრაობას. თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო ხარვეზის შევსების მიზნით ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 ოქტომბრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.