Facebook Twitter

ბს-1240-1184(კ-09) 15 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 6 ივნისს თ. ს-ევმა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონის ყოფილი საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 25 აგვისტოს ქრონომეტრაჟის აქტის, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანებისა და თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 მარტის შეტყობინების ბათილად ცნობა და დარიცხული 9626 ლარის ჩამოწერა. (იხ. ს.ფ. 2-5)

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ. ს.ფ 53)

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის განჩინებით თ. ს-ევის სარჩელი 2000 წლის 25 აგვისტოს ქრონომეტრაჟის აქტის, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹257552 ბრძანების გაუქმების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ 54-55)

რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ევმა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. (იხ. ს.ფ 59-65)

თ. ს-ევმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმვე სასამართლოსათვის. (იხ. ს.ფ 70-74)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინებით თ. ს-ევის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თ. ს-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ს-ევის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. (იხ. ს.ფ 129-137)

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 29 აგვისტოს ქრონომეტრაჟის აქტი, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 15 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა, 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანება ¹257552 და მოსარჩელეს ჩამოეწერა აღნიშნული ინდივიდალურ-ადმინისტრაციული აქტით დარიცხული გადასახადი – 9626 ლარი. (იხ. ს.ფ 177-180)

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. ს. ფ 186-195)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება. (იხ. ტ. II ს.ფ 38-43)

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. II ს.ფ. 49-60).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ. II ს.ფ. 74-75).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს თ. ს-ევმა და თელავის რეგიონალურმა ცენტრმა.

თ. ს-ევმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ საქმე განხილულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პროცესუალური წინაპირობა და შესაბამისად მოითხოვა მისი დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ. II ს.ფ 79-81)

თელავის რეგიონალურმა ცენტრმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესი დარღვევით, რამაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და მოითხოვა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. (იხ. ტ. II ს.ფ. 84-88).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 74-75).

საკასაციო საჩივრის დასასვებობასთან დაკავსირებით მოსაზრება წარმოადგინა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და მოითხოვა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.