¹ბს-1246-1208(კ-08) 28 იანვარი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ა-ე
დავის საგანი – კვების კომპენსაციის _ 491,56 ლარის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ემ 22.11.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 992 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კლინიკურ სამხედრო ჰოსპიტალში, .... განყოფილებაში დიასახლისად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კლინიკური სამხედრო ჰოსპიტალის რეორგანიზაციის გამო 2007 წელს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ მოახდინა მასთან კანონით გათვალისწინებული სრული საფინანსო ანგარიშსწორება. საბოლოო ანგარიშსწორების მოთხოვნით 09.11.07წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, რაზეც წერილობით უპასუხეს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღიარებდა აღნიშნული დავალიანების არსებობას, მაგრამ უარს აცხადებდა მის ანაზღაურებაზე, ფინანსური სახსრების არარსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 922,71 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341 მუხლის დებულებებზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. სახელმწიფო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების არსებობას, გარდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მითითებული ნორმისა, აღიარებდა 2005 წლის და ყოველი მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებით. ამასთან, საქმეში დაცულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის წერილი ნ. ა-მი, რომლითაც მოპასუხე _ ადმინისტრაცლიული ორგანო აღიარებს მის მიმართ არსებულ იმ დავალიანებას, რაც განსახილველი სარჩელით აქვს მოთხოვნილი მოსარჩელეს და იძლევა დაპირებას მის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული წერილი მიიჩნია ვალის აღიარებად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, რაც თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ნ. ა-ე ითხოვს 1999-2000 წლების მიუღებელი ხელფასისა და კვების კომპენსაციის _ 922,71 ლარის ანაზღაურებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული 19.10.07წ. ¹3-11/8009 ცნობა ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების აღიარებად, რადგან მითითებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად კანონსაწინააღმდეგოა, რადგან მას ინფორმაციული ხასიათი აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო საჩივარი ნ. ა-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ა-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 491,56 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ. ა-ის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1999-2000 წლების კვების კომპენსაცია. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (22.11.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 19.10.07წ., ¹3-11/8009 ცნობა, რომლის თანახმად 1999-2000 წ.წ. პერიოდში ნ. ა-ის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 491,56 ლარს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 12.11.07წ. წერილს, ამ წერილით აღიარებულია სახელფასო დავალიანება, რომლითაც არ არის მოცული კვების კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე ნ. ა-ის სასარგებლოდ უნდა დეკისროს 431 ლარი და 15 თეთრი, მათ შორის სახელფასო დავალიანება – 271 ლარი და 10 თეთრი, ჯილდო – 160 ლარი და 05 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ა-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 491,56 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს ნ. ა-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 491,56 ლარის დაკისრების ნაწილში;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.07წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს 431 ლარი და 15 თეთრი (ოთხას ოცდათერთმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი);
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.