Facebook Twitter

ბს-1249-1193(კ-09) 9 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ს-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 14 სექტემბერს ა. ს-ოვმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის განხილვამდე სარჩელის წინასწარი უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დადებოდა ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინას. ა. ს-ოვმა ასევე მოითხოვა აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლის _ ა. ს-ოვის განცხადება სარჩელის წინასწარი უზრუნველყოფის შესახებ; ყადაღა დაედო მოქალაქე გ. ს-ოვას კუთვნილ უძრავ ნივთს _ ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინას. ნივთის დაყადაღების შესახებ ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს; თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, განმცხადებელს _ ა. ს-ოვს განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა სასამართლოში სარჩელის წარმოსადგენად. ვადის ათვლა დაიწყო განმცხადებლისათვის (წარმომადგენლისათვის) მითითებული განჩინების ჩაბარების დღიდან. განმცხადებელს, სხვა დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2007 წლის 28 სექტემბერს ა. ს-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, გ. ს-ოვას, მესამე პირის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 12 ივლისის ¹252 განკარგულებისა და 2007 წლის 25 ივლისის ¹923 საკუთრების უფლების მოწმობის ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინის გ. ს-ოვასათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში უძრავი ნივთის _ ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინის მესაკუთრედ გ. ს-ოვას ნაცვლად კვლავ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მითითება, რათა მოსარჩელემ შეძლოს კუთვნილი წილის საკუთრებაში მიღება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოპასუხე _ თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინის ნაწილს (მოსარჩელის მამის _ რ. ს-ოვის 14,28%-ს და ბაბუის _ ა. ს-ოვის 14,28 %-ს) საკუთრებაში გადასცემს მოსარჩელეს.

2007 წლის 7 ნოემბერს მოაპსუხე გ. ს-ოვმა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ა. ს-ოვისა და ნოტარიუსის _ ლ. ი-ძის მიმართ და მოითხოვა: უარი ეთქვას ა. ს-ოვს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე; დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის _ ლ. ი-ძის მიერ 2007 წლის 24 სექტემბრის სანოტარო აქტი ¹2-322-ით შედგენილი სამკვიდრო მოწმობა, როგორც უკანონოდ შედგენილი სანოტარო აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად მოწვეულ იქნა გ. ს-ოვა, ხოლო მოპასუხედ მოწვეულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მესამე პირის (მოსარჩელის) გ. ს-ოვას სარჩელი მოპასუხეების ა. ს-ოვისა და ნოტარიუსს _ ლ. ი-ძის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 12 ივლისის ¹252 განკარგულება და 2007 წლის 25 ივლისის ¹923 საკუთრების უფლების მოწმობა ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინის მესამე პირისათვის _ გ. ს-ოვისათვის საკუთრებაში გადაცმის თაობაზე. მოპასუხეს _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ., მე-2 კვარტალი, 23-ე კორპ., მე-5 სადარბაზო, პირველ სართულზე მდებარე ¹83 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხის თაობაზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლობის გამო შეწყდა მოსარჩელის _ ა. ს-ოვის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ გ. ს-ოვას მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების (შეცვლის), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ მოთხოვნათა ნაწილში აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ოვამ, რომლითაც მოითხოვა არნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ს-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ს-ოვმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ს-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავით ჩხაიძეს უნდა დაუბრუნდეს ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ოვს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. დ. ჩ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.