Facebook Twitter

¹ბს-1249-1211(კ-08) 24 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 18 სექტემბერს ნ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მის მიმართ 1999-2001 წლების სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 602,31 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებდა დავალიანების არსებობას, მაგრამ მოსარჩელის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარს აცხადებდა დავალიანების გადახდაზე, მწირი ბიუჯეტის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას დაწესებულებიდან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.

საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 602,31 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს ნ. ს-ს სასარგებლოდ 602,31 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 15 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ს-ს მიმართ ერიცხებოდა 602,31 ლარის დავალიანება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცალსახად იყო განსაზღვრული, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათვისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემობები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათაA გათვალისწინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბაბამისი კანონმდებლობით. იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებაზე სასამართლომ განმარტა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129-ე) და მოქმედებდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც არ განეკუთვნებოდა ნ. ს-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ს-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც საჯარო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნ. ს-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი განსაზღვრავდა ურთიერთობათა იმ წრეს, რომელზედაც უნდა გავრცელებულიყო ამ კოდექსის ნორმები, კერძოდ, პირველ მუხლში განმარტებული იყო, რომ ეს კოდექსი აწესრიგებდა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ს-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო კერძო ხასიათის ზემოთ ჩამოთვლილ ურთიერთობათაგან რომელიმე სახის ურთიერთობად. პირიქით, მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი და შესაბამისად, დადასტურებული მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო და შესაბამისად, კანონშეუსაბამო იყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა _ ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო და ის პირაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებდა განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი უკანონოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსაგან 1999 და 2001 წლების დავალიანების ანაზღაურებას, რომელიც მისთვის ცნობილი იყო 1999 წლიდან.

მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 15 მაისის ¹27/9/14-ს/45 ცნობით, რომელშიც არ იყო მითითებული დარიცხული თანხების კლასიფიკაცია მათი სახეების (ცალკეული კომპონენტების) და პერიოდულობის მიხედვით და არ იხელმძღვანელა კასატორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 1 მაისის ¹27/7/3-2277 ცნობით, რომელშიც გათვალისწინებული იყო შესაბამის საფინანსო განყოფილებაში გადამოწმების შედეგად ნ. ს-ის მიმართ დარიცხული და ხელზე მისაღები თანხები. საბოლოოდ კი, მოხდა მოსარჩელისათვის არა მხოლოდ სახელფასო თანხის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილშიც, რაც კასატორმა არასწორად მიიჩნია. ამასთან, აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატი კი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა, ვინაიდან მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდამზულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალებულებებიდან, სამი წელი იყო. შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანხამად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი, ჩაითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კასატორის განმარტებით, ნ. ს-თვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაიწყო 1999 წელს. ამდენად, კვების კომპენსაციის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 24 თებერვალს, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. ს-ის სარჩელი 1999 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 236 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს, ხოლო 2001 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 177 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში იქნა დასაშვებად მიჩნეული, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ნ. ს-თვის მხოლოდ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 15 მაისის ¹27/9/14-ს/45 ცნობით დადგენილია, რომ ნ. ს-ის სახელფასო დავალიანება შეადგენს 602,31 ლარს: 1999 წლის _ 352,80 ლარს, 2001 წლის _ 249,51 ლარს (ს.ფ. 4). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 1 მისის ¹27/7/3-2277 ცნობით დაზუსტებულია, რომ ნ. ს-ის მიმართ დარიცხულ იქნა 602,31 ლარი, მათ შორის: 1999 წლის ხელფასი _ 116,80 ლარი, კვების (ულუფა) კომპენსაცია _ 236 ლარი; 2001 წლის ხელფასი _ 72,51 ლარი, კვების (ულუფა) კომპენსაცია _ 177 ლარი (ს.ფ. 67).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, ისევე როგორც «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების» შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ს-ის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1999 და 2001 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. 1999 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ _ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა, ხოლო 2001 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რომელთა შედეგადაც პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნება მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, აგრეთვე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ს-ის სარჩელიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღირებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების, რომელშიც 2000 წლის 28 ივნისამდე გათვალისწინებული იყო კვების (ულუფის) კომპენსაცია, ანაზღაურებაზე უარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1999 წლის კვების (ულუფის) კომპენსაცია _ 236 ლარის ოდენობით.

2001 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის ნ. ს-ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, პოლიციის თანამშრომელი სამსახურის პერიოდში «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ კვების (ულუფის) კომპენსაციისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების (ულუფის) დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2001 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის _ 177 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის 2001 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და არასწორად განმარტა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ნ. ს-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ის სარჩელი 1999 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 236 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდება, ხოლო 2001 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 177 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება ნ. ს-ის სასარგებლოდ კვების (ულუფის) კომპენსაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ს-ის სარჩელი 1999 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 236 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს, ხოლო 2001 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 177 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.