Facebook Twitter

ბს-1250-1212(კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიკა ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 23 აპრილს საქართველოს ენერეგეტიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “ე.” მიმართ, მესამე პირად სს “ს. გ. ს. ე.” მიუთითა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2004 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს “ს. გ. ს. ე.” და სს “ე.” შორის გაფორმდა ¹7-04-III-ა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანდართული დოკუმენტის თანახმად, რომელიც განსაზღვრავდა საქონლის მიწოდების გრაფიკს, მიმწოდებელს დამკვეთისათვის 2004 წლის 15 დეკემბრამდე უნდა მიეწოდებინა 2000 ცალი ელ.ენერგიის ერთფაზიანი მრიცხველი, ხოლო 2004 წლის 25 დეკემბრამდე უნდა მიეწოდებინა 5000 ცალი ელ. ენერგიის ერთფაზიანი მრიცხველი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 314300 ლარს, ერთი ცალის ღირებულება კი შეადგენდა _ 44,9 ლარს. მიმწოდებლის მიერ საქონელი მიწოდებულ იქნა შემდეგ ვადებში: 24.12.2004 წ. _ 1200 ცალი, 27.12.2004 წ. _ 2304 ცალი, 30.12.2004 წ. _ 1416 ცალი და 10.01.2005 წ. _ 2080 ცალი, სულ _ 7000 ცალი. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელს ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, უნდა დაკისრებოდა საურავი, საქონლის მიწოდების ვადების გადაცდენისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, საერთო ჯამში _ 4295 ლარი. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სს “ე.” მიმართ 2007 წლის 12 მარტს გაგზავნილ იქნა ¹05/447 წერილი, რომლითაც სს “ე.” ეცნობა აღნიშნული დავალიანების თაობაზე, იმავე წერილში გათვალისწინებული იყო ვადა დავალიანების დასაფარავად, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს დავალიანება უნდა დაეფარა 7 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა ხსენებული დავალიანების დაფარვა სს “ე.” მიერ არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის საურავის _ 4295 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2007 წლის 6 სექტემბერს სს “ე.” შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ე.” მიმართ, რათა ამ უკანასკნელს დაკისრებოდა 2004 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით დაცული, პროდუქციის მიწოდების ვადების უგულვებელყოფისათვის ჯარიმა, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,15%-ს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაანგარიშებით ხსენებული თანხა შეადგენდა _ 4295 ლარს, რაც შეგებებული სარჩელის ავტორმა არასწორად მიიჩნია და განმარტა, რომ ჯარიმის ოდენობა შეადგენდა _ 3743,871 ლარს.

შეგებებული სარჩელის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მათ პროდუქციის მიწოდება დაამთავრეს 2005 წლის 10 იანვარს. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად “შემსრულებელს” ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში, ანუ 2005 წლის 9 თებერვლამდე უნდა განეხორციელებინა მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულების გადახდა. “შემსყიდველმა” ანგარიშწორება განახორციელა 2005 წლის 13 მაისს, ანუ 93 დღის დავიანებით. ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში “შემსყიდველს” “მიმოდებლის” სასარგებლოდ უნდა გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,15%, ანუ 93 დღით დაგვიანების გამო “მიმწოდებლის” სასარგებლოდ დამატებით უნდა გადაეხადა გადასახდელი თანხის 13,95% და რადგან მას გადასახდელი ჰქონდა 93600 ლარი, დამატებით უნდა გადაეხადა 13057 ლარი.

შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ “მიმწოდებელმა” აღნიშნულის შესახებ 2006 წლის 17 ნოემბერს მიწერა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მათი 2006 წლის 11 მარტის ¹02/2389 და 2007 წლის 12 მარტის ¹0/447 წერილების პასუხად, რომლითაც სს “ე.” ითხოვდა გადაერიცხა მისთვის 13057 ლარი, ხოლო სს “ე.” გადაურიცხავდა 4200 ლარს, მაგრამ აღნიშნულზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ჯარიმის _ 13057 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; სს “ე.” საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარგებლოდ საურავის _ 4295 ლარის გადახადა დაეკისრა, ასევე დაკმაყოფილდა სს “ე.” შეგებებული სარჩელი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სს “ე.” სასარგებლოდ ჯარიმის _ 12916,80 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹7-04-III-ა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა _ 314400 ლარს დღგ-ს ჩათვლით, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში შემსყიდველი _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო “მიმწოდებლის” სასარგებლოდ გადაიხდიდა მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,15%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადსა და გადასახდელზე პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2004 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის ¹7-04-III-ა ხელშეკრულება. ამასთან, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება დადებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. ამასთან, სადავო არ გამხდარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დაიდო აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 8 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.