ბს-1253_1215(კ-08) 14 იანვარი, 2009წ.
Q ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინპექცია) (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მოსარჩელე _ სს ,,ს. ბ.”
დავის საგანი – ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა –თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სააქციო საზოგადოება ,,ს. ს. ბ.” ლიკვიდატორმა 2006 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირი შ.პ.ს. ,,ს. ტ.” და მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით მოსარჩელე სს ,,ს. ბ.” ლიკვიდატორის მ. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ს.ს. ,,ს. ს. ბ.” უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის, მესამე პირი შ.პ.ს. ,,ს. ტ.», ქმედების განხორციელების დავალდებულებაზე; კერძოდ, შპს ,,ს. ტ.” ანგარიშზე არასწორად გადარიცხული 265545 ლარის შპს ,,ს. ტ.” ანგარიშიდან სს ,,ს. ს. ბ.” სალიკვიდაციო ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ს. ს. ბ.» ლიკვიდატორმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონელური ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,ს. ს. ბ.» სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინპექცია) საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, მაგრამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავის შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
სფ.162-ზე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით, სს «ს. ბ.» ლიკვიდატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში ჩართულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია იმ მოტივით, რომ სს «ს. ბ.» ქონებაზე ყადაღა დადებულ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ, რის გამოც მოსარჩელის ანგარიშებზე თანხის დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება მის ინტერესსაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მითითების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლება ენიჭება მხოლოდ საქმეში ამ მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ მესამე პირს, ანუ იმ პირს, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეა და რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინპექცია) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში ჩართული მესამე პირია, რომელიც არ სარგებლობს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-16 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინპექცია) საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.