Facebook Twitter

ბს-1259-1221 (კ-08) 14 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-ემ 2006 წლის მარტში სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წინააღმდეგ და მოითხოვა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 19 თებერვლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ¹002777 ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიერ 2006 წლის 19 თებერვალს გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹002777-ის და 2006 წლის 19 თებერვალს გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

მ. სურმანიძე 2006 წლის 19 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიკროავტობუსით შევიდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ლ.”, მებაჟეების მიერ მიკროავტობუსში არსებული საქონლის შემოწმებამდე მ. ს-ემ თავისი ჩანთიდან ამოიღო 15 ცალი მობილური ტელეფონი, ჩაიწყო ქურთუკის ჯიბეებში და საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ლ.” გვერდის ავლით შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი მხილებული და დაკავებული იქნა საბაჟოს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ; ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლების მიერ აღნიშნულ ფაქტზე 2006 წლის 19 თებერვალს მ. ს-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ¹002777 სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზევე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ლ-ში”, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის ,,ჟ” პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის შემდეგაც მ. ს-ე გადაყვანილი იქნა მოპასუხის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 263-265-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მ. ს-ის თანდასწრებით, რა დროსაც მ. ს-ე ამავე კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად გაეცნო საქმის მასალებს და უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე. მას შუამდგომლობა არ განუცხადებია და არ გამოუთქვამს სურვილი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, რის შემდეგ იმავე დღეს მოპასუხის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების, 800 ლარით დაჯარიმების და მისგან ამოღებული მობილური ტელეფონების კონფისკაციის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ოპერ-თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹002777, აგრეთვე სამმართველოს უფროსის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილება არ შეესაბამება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე, 241-ე, 248-ე, 249-ე, 252-ე, 260-ე, 264-ე, 266-ე, 268-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მ. ს-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებაზე;

2. მ. ს-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.