Facebook Twitter

ბს-1275-1219(კ-09) 15 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის მიმართ, II პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-6, ტ. I)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადეპუტატო თანხის 673,20 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ხოლო საშემოსავლო გადასახადის 91,80 ლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა (იხ. ს.ფ. 66-68, ტ. I)

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. ს.ფ. 73-80, ტ. I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 24-27, ტ. II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 42-51, ტ. II).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა კასატორმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, რამდენადაც საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრატიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს პარლამენტის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს პარლამენტის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.