ბს-1275-1237 (კ-08) 14 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ინდ.მეწარმე «ო. მ-ლი» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპეცია) (მოპასუხე)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ ,,ო. მ-მა” 2007 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 13 დეკემბერს მიღებული ¹2274 საგადასახადო მოთხოვნისა და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ო. მ-ის სარჩელი მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 13 დეკემბერს მიღებული ¹2274 საგადასახადო მოთხოვნა და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის დეკემბერს, ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს მიერ გაზეთ «ლიბოში» გამოქვეყნებული იქნა კომერციული კონკურსი, რის საფუძველზეც ო. მ-ის მიერ შეძენილ იქნა სახელმწიფო საწარმო «ქ-ს» ¹1, ¹3 და ¹5 პურის საცხობები, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იქნა, როგორც ინდ. საწარმო «ბ-ას» საკუთრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ქონება მოსარჩელის მიერ შეძენილ იქნა ისე, რომ მოცემულ ობიექტებს არავითარი დავალიანება არ ერიცხებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურ ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად ისე იქნა ცნობილი გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა თანამდევი შედეგებით, რომ არ გაურკვევია და არ უმსჯელია დარჩენილი ძირითადი თანხიდან 6189,67 ლარის და შესაამისად საურავის დარიცხვის კანონიერების თაობაზე. ამასთან, არ გაურკვევია თუ როდის გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი სადავო თანხის დარიცხვის ფაქტი, რასაც სადავოდ ხდის გორის საგადასახადო ინსპექცია, რის გამოც ჩათვალა, რომ იგი მოკლებულია გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობას, რაც მისი გაუქმებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ.მეწარმე «ო. მ-მა», რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი, ვინაიდან ინდ. საწარმო «ბ-ას» სახელზე 1999 წელს რიცხული ქონება, კერძოდ სახელმწიფო საწარმო «ქ-გან» შეძენილი პურის საცხობი გასხვისებული იქნა, როგორც უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაბამისად ინდ. საწარმო «ბ-ას» სახელზე არავითარი ქონება არ ირიცხება 2002 წლის 1 ოქტომბერს «ქ-ზე» რიცხული ხანდაზმული კრედიტორული დავალიანება 6139 ლარი დაირიცხა ინდ. საწარმო «ბ-ზე» ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ინდ.მეწარმე «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ინდ.მეწარმე «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ინდ.მეწარმე «ო. მ-ლს» გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ინდ.მეწარმე «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებაზე;
2. ინდ.მეწარმე «ო. მ-ლს» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.