ბს-1276-1220(კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 23 იანვარს მოსარჩელე მ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოსარჩელის _ საჯარო სამართლის იურიდული პირის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 6 ნოემბრის ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმის შედეგებისა და ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის სხდომის შედეგების დამტკიცების თაობაზე მიღებული ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე მ. ტ-ძემ 2007 წლის 9 თებერვალს სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 2006 წლის 3 ნოემბრის საკონკურსო კომისიის სხდომის ¹7§6, 2006 წლის 3 ნოემბრის ¹119, 120 საკონკურსო ბარათების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ღ-ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ტ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2006 წლის 3 ნოემბრის ¹119 საკონკურსო ბარათი და 2006 წლის 3 ნოემბრის საკონკურსო კომისიის სხდომის ¹7§6 ოქმი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ტ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიმართ სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2006 წლის 3 ნოემბრის საკონკურსო ბარათის ¹120 ბათილად ცნობის ნაწილში და შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის სხდომის ¹7§6 ოქმი მ. ტ-ძისა და თ. ღ-ძის ნაწილში, ამავე ინსტიტუტის მიერ გაცემული 2006 წლის 3 ნოემბრის ¹119 და ¹113 საკონკურსო ბარათები; საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მ. ტ-ძისა და თ. ღ-ძის შეფასების თაობაზე ამავე ინსტიტუტში 2006 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კონკურსის ფარგლებში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ¹113 და ¹119 საკონკურსო ბარათების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა და ¹7§6 ოქმის მ. ტ-ძისა და თ. ღ-ძის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ¹113 და ¹119 საკონკურსო ბარათების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტუტს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.