ბს-1281-1243(კ-08) 14 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,თ-ება” (მოპასუხე)
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ.პ.ს. ,,თ-ამ» 2007 წლის იანვარში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ.პ.ს. ,,თ-ბას» სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა შ.პ.ს. «თ-ვის» - 9940,44 (ცხრა ათას ცხრაას ორმოცი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,,თ-ების» მიერ შ.პ.ს. ,,ა-საგან” ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ იქნა სხვადასხვა დასახელების ელექტრო საქონელი. გამყიდველის მიერ გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა ¹198168, დღგ-ის თანხა 4469,44 ლარი და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ¹198153, დღგ-ის თანხა 5271 ლარი. ასევე, დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხა ,,ა-ის” მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის ჩათვლის პირობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შ.პ.ს. ,,ა-ის» და შ.პ.ს. ,,თ-ებას” შორის დადებული გარიგების ფიქტიურობასთან დაკავშირებით იხელმძღვანელა 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლით და მოქმედი საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მესამე ნაწილით; აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგების დადგენის ვალდებულება აკისრია საგადასახადო ორგანოს და შესაბამისად მყიდველისათვის დღგ-ის ჩათვლა უქმდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული იქნება გამოვლენილი, ანუ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არ აკისრებს გადასახადის გადამხდელს გარიგების ნამდვილობის მტკიცების ტვირთს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად ის მოტივი, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია ვერ ახორციელებს საგადასახადო შემოწმების განხორციელებას შ.პ.ს. ,,ა-ში”, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მათ გადამხდელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც შესაბამისი საგადასახადო ორგანოსადმი დავალების გზით, შეუძლია შ.პ.ს. ,,ა-ში” საგადასახადო შემოწმების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება; კერძოდ ის, რომ ანგარიშფაქტურა ¹198168 მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა იყო არა 5271 ლარი, არამედ 4669,44 ლარი. ნაცვლად ამისა გადამხდელმა ჩაითვალა 5271 ლარი. სწორედ ეს სხვაობა იქნა გასაჩივრებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, ამასთან დაკავშირებით ინსპექციამ მიუთითა ,,სახელმწიფო ბაჟის” შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.