¹ბს-128-123(2კ-09) 5 აგვისტო, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი ნ. გოგატიშვილი
კასატორები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი ზ. ა-შვილი(24.06.09წ. ¹08-01/8003 მინდობილობა), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), წარმომადგენელი ი. ტ-ძე (25.05.09წ. ¹07/10327 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «...», წარმომადგენელი ვ. კ-იანი (13.06.08წ. ¹1-4533 რწმუნებულება)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და პირადი აღრიცხვის ბარათში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
19.06.08წ. ი. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 10.06.08წ. ¹05-04/5352 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი უწყებისათვის შპს «...» პირად ბარათზე ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 30.03.06წ. აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის გაუქმებისა და იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.07.06წ. ¹კ-448/17 ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების ასახვის დავალდებულება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.08.08წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 10.06.08წ. ¹05-04/5352 გადაწყვეტილება შპს «...» საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს დაევალა შპს «...» პირად ბარათზე ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 30.03.06წ. აქტის საფუძველზე არსებული თანხობრივი მონაცემების გაუქმება და შპს «...» საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.07.06წ. ¹კ-448/17 ალტერნატიულ საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხობრივი მონაცემების შეტანა, მასვე დაეკისრა შპს «...» სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.08.08წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. განაჩენით მტკიცებულად იქნა მიჩნეული და შესაბამისად, გაზიარებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის ¹კ-448/17 დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა მოცემული ადმინისტრაციული საქმისთვის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, მათ შორის ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
კასატორმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები. თუ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ გადასახადებს, რომლის თაობაზეც გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნა, მან უნდა იდავოს ამ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით და არა ქმედების განხორციელების ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შპს «...» არ გაუსაჩივრებია 27.06.06წ. ¹1296 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნულის გამო, კასატორის აზრით, საგადასახადო მოთხოვნა აღიარებულად უნდა ჩაითვალოს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მითითებული საგადასახადო მოთხოვნა სასამართლოს არ გაუუქმებია. კასატორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25.11.07წ. გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებას არ ეთანხმება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.07.06წ. ¹ა/448/17 დასკვნა გამოტანილია ფიზიკურ პირის ი. კ-ძის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად, ფინანსური პოლიციის რევიზიის 30.03.06წ. აქტით კი დადგენილია შპს «...» საგადასახადო ვალდებულებანი. კასატორის აზრით, იგი სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენს და საქმეში მესამე პირის სტატუსით უნდა მიეღო მონაწილეობა. შესაბამისად, მას არ უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 106-ე მუხლი, არ დაადგინა პრეიუდიციის რეალობა და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ პრეიუდიციული ძალა აქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ არა ყველა ფაქტს, არამედ იმას, ჰქონდა თუ არა მოქმედებას(უმოქმედობას) ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება კონკრეტულმა პირმა. ყველა სხვა ფაქტი, მათ შორის ფაქტი იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ზიანი გამოიწვია მოქმედებამ, პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის და მისი შემოწმების მოვალეობისაგან სასამართლო არ თავისუფლდება. კასატორის აზრით, სსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ძალა აქვს იმას, რომ ი. კ-ძის ქმედებამ გამოიწვია ზიანი, რაც ბიუჯეტის წინაშე დავალიანების წარმოშობაში გამოიხატა, მაგრამ ზიანის ოდენობის დადგენა უნდა გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს მიერ 04.11.05წ. ¹109 დავალების საფუძველზე ჩატარდა შპს «...» დოკუმენტური რევიზია, რაზეც შედგა 30.03.06წ. აქტი, რომლითაც შპს «...» გადასახდელად განესაზღვრა 125 472 ლარის ძირითადი თანხა და 64 895 ლარის ჯარიმა. ამავე სამმართველოს 04.04.06წ. დამატებითი აქტით 30.03.06წ. შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას დაემატა მექანიკურად გამორჩენილი ძირითადი თანხა 21 380 ლარი და ჯარიმა 4276 ლარი. შპს «...» საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე ჩატარებული იქნა აგრეთვე ალტერნატიული ექსპერტიზა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის 24.07.06წ. ¹კ-448/17 დასკვნის თანახმად, შპს «...» 2004 წლის მაისიდან 2005 წლის სექტემბრის ჩათვლით ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დარიცხვოდა: დამატებული ღირებულების გადასახადი _ ძირითადი თანხა 9 882,71 ლარი, ჯარიმა _ 4 941,35 ლარი, მოგების გადასახადი _ ძირითადი თანხა _ 3 270,17 ლარი, ჯარიმა _ 817,54 ლარი; საშემოსავლო გადასახადი _ ძირითადი თანხა _ 1 366,5 ლარი, ჯარიმა _ 341,63 ლარი, სოციალური გადასახადი _ 2157,53 ლარი, ჯარიმა – 539,38 ლარი; მთლიანობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხვას დაექვემდებარა 23 316,81 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 16 676,91 ლარს, ხოლო ჯარიმა _ 6 639,9 ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის შუამდგომლობა, დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ ი. კ-ძეს შორის 08.11.07წ. დადებული საპროცესო შეთანხმება. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის 24.07.06წ. ¹კ-448/17 დასკვნაზე, ამდენად, სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გაზიარებული იქნა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად ის გარემოება, რომ შპს «...» 2004წ. მაისიდან 2005წ. სექტემბრის ჩათვლით ბიუჯეტის სასარგებლოდ დასარიცხი თანხა 23 316 ლარს და 81 თეთრს შეადგენდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 24.09.07წ. ¹ბს-335-317(კ-07) განჩინებით განიმარტა, რომ განაჩენით დადგენილი მიყენებული ზიანის ოდენობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პრეიუდიციული ძალა იმ შემთხვევაში აქვს, უკეთუ ოდენობა კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის ოდენობა დანაშაულის _ გადასახადისაგან თავის არიდების _ მაკვალიფიცირებელი ნიშანია, კერძოდ, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის 24.07.06წ. ¹კ-448/17 დასკვნაში მითითებული გადასახადის თანხა _ 23 316,81 ლარი _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად არ ითვლება და შესაბამისად, ამ ოდენობის საგადასახადო დავალიანება არ იწვევს პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ რევიზიის აქტის საფუძველზე თანხა დარიცხულ იქნა გამოძიების დასრულებამდე, გამოძიების პროცესში გაზიარებულ იქნა ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ი. კ-ძე პასუხისგებაში მიცემული იქნებოდა სსკ 218-ე მუხლის საფუძველზე. გამოძიების დროს დადგენილი ფაქტები აისახა სასამართლოს განჩინებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. განაჩენს მტკიცებითი ძალა აქვს განსახილველი დავისათვის, რომლითაც დგინდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
უსაფუძვლოა კასატორის საქართველოს ფინასთა სამინისტროს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალტერნატიული საბუღალტრო ექსპერტიზის 24.07.06წ. ¹კ-448/17 დასკვნა გამოტანილია არა შპს «...», არამედ ფიზიკური პირის ი. კ-ძის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნით განსაზღვრულია არა ფიზიკური პირის, ი. კ-ძის, არამედ შპს «...» საგადასახადო ვალდებულებანი 2004 წლის მაისიდან 2005 წლის სექტემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 27-38).
საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ შპს «...» მიერ საგადასახადო მოთხოვნა არ ყოფილა გასაჩივრებული. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 10.06.08წ. ¹05-04/5352 გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტა მოიცავს საგადასახადო მოთხოვნის კანონიერების საკითხსაც. ამასთანავე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლოს აქტებს უპირატესი ძალა აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ აქტებთან შედარებით. ამდენად, საგადასახადო მოთხოვნის არსებობის მიუხედავად სადავო საგადასახადო ვალდებულებები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენთან უნდა იქნეს შესაბამისობაში მოყვანილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39.1 მუხლის «ლ» ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისთვის წარდგენილი «საგადასახადო მოთხოვნა», აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა სხვა გადაწყვეტილებები და ქმედებები. განსახილველ შემთხვევაში შპს «...» მოთხოვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 10.06.08წ. ¹05-04/5352 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პირად ბარათში ცვლილებების შეტანა შეადგენს, რაც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეცილებითი და მიკუთვნებითი სარჩელის სახეობას წარმოადგენს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა შეესაბამება როგორც ადმინისტრაციულ საპროცესო, ისე საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამინისტრო არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად უნდა ჩაბმულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში მოპასუხეებად ჩართულნი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ქუთაისის რეგიონალური ცენტრი იერარქიულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემის იერარქიულ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებს ერთი ინტერესი აქვთ, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ქუთაისის რეგიონალური ცენტრი შედის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, იერარქიის ზემდგომი რგოლი – სამინისტრო უფლებამოსილია გამოვიდეს სადავო საგადასახადო სამართალურთიერთობაში მხარედ. ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ფინანსთა სამინისტროს განსახილველ საქმეში მინიჭებული პროცესუალური სტატუსი სადავოდ არ გაუხდია, არასათანადო პროცესუალური სტატუსი სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ამ საკითხზე. სსკ-ის 407.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, იგი არსებითად სწორია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.