Facebook Twitter

ბს-1285-1245(კ-08) 19 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ბ. გ.-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 4 მაისს ბ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან 2006 წლის 9 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლის 17 თებერვლიდან ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹820 ბრძანებით, დაინიშნა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის შტაბის ... სამმართველოს ...-ის განყოფილების უფროსად. ჰქონდა ვ/პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჰქონდა მადლობები, სიგელები, დაჯილდოებული იყო მედლით «საბრძოლო დამსახურებისათვის». მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში. შეიარაღებულ ძალებში 14-წლიანი სამსახურის პერიოდში არასდროს მიუღია საყვედური ან გაფრთხილება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 1 ნოემბრიდან 2006 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2174 პ/შ ბრძანებით, მივლინებულ იქნა ზემო აფხაზეთში, ხოლო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹2296 პ/შ ბრძანებით, 2006 წლის 3 ნოემბრიდან შეუწყდა მივლინება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა შტაბის უფროსის 2005 წლის 8 ნოემბრის პატაკი, რომელიც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან შტაბის უფროსმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ბრძანების გარეშე გამოიძახა მოსარჩელე მივლინებიდან და დააწერინა პატაკი გათავისუფლებაზე, რომელიც 2006 წლის 3 ნოემბერს გადააგზავნა სამინისტროში, ხოლო მივლინების შეწყვეტის შესახებ პატაკით გენერალურ შტაბს 2006 წლის 8 ნოემბერს მიმართა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹2580 და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹2296 პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1635 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მითითება, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი პატაკის საფუძველზე. ამასთან, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹2580 ბრძანების საფუძვლის _ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა) შეცვლა იმავე პუნქტის «ზ» ქვეპუნქტით (პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი) და 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრება.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების განხორციელების უფლება ჰქონდა მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ცვლილებას ახორციელებდა ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ამდენად, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა და შესაბამისად, საქმეში არ იყო წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი აღნიშნული აქტის გამოცემაზე, ხსენებული მოთხოვნა დაუშვებელი იყო.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ საქმეში არსებული ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹3087 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა გასაცემლების ნაირსახეობის მიხედვით შეადგენდა 1635,52 ლარს, მათ შორის: ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) _ 809,52 ლარს, კვების კომპენსაცია _ 826 ლარს.

მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1998-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა გვარდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მისცემოდა ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩათვლილიყო ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭირო იყო ამ ფულად გასაცემელს (კვების კომპენსაციას) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონოდა დანამატის სტატუსი.

მოპასუხემ მიუთითა, რომ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომელიც გამოიანგარიშდებოდა ნამსახური წლების მიხედვით, რაც შეეხება კვების კომპენსაციას, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, დანამატის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. აქედან გამომდინარე, კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და ის ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წამოადგენდა. ამდენად, მოპასუხემ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმული იყო, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით ბ. გ.-ის სარჩელი მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე შეწყდა წარმოებით, დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. გ.-ის სასარჩელო განცხადება სახელფასო დავალიანების გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბ. გ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1635,52 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი სასარჩელო მოთხოვნას კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენებას კანონიერად მიიჩნევს.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მოსარჩელისათვის თითოეული თვის ან პერიოდის კვების კომპენსაციის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან. კასატორის განმარტებით, სარჩელი სასამართლოში შეტანილი იყო 2007 წლის ოქტომბერში. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალსიწინებული სამწლიანი ხანდამულობის, ისე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 2008 წლის 31 იანვრის ¹341 ცნობა ვალდებულების აღიარებად და ადმინისტრაციულ დაპირებად. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან ხსენებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებდა სასარჩელო მოთხოვნის არსებობას, მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღირების დამადასტურებელ დოკუმენტად უკანონო იყო, ვინაიდან მას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 15 იანვრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ბ. გ.-თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ბ. გ.-თვის ხელფასის თანხის _ 809,52 ლარის ანაზღაურების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ბ. გ.-თვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დაინიშნა 2009 წლის 19 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ბ. გ.-თვის ხელფასის თანხის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ბ. გ.-თვის ხელფასის თანხის _ 809,52 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ბ. გ.-თვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ბ. გ.-თვის მხოლოდ კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბ. გ.-ე 1992 წლიდან 2006 წლის 9 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე (ს.ფ. 78-82). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹2580 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის G... სამმართველოს ...-ის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ბ. გ.-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), «სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა) თანახმად (ს.ფ. 12). ეროვნული გვარდიის დეპარატამენტის 2008 წლის 31 იანვრის ¹341 ცნობის თანახმად, ბ. გ.-ე ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენდა _ 1635,52 ლარს, მათ შორის: 1998 წლის ხელფასი _ 118,10 ლარს, კვების კომპენსაცია _ 236 ლარს; 1999 წლის ხელფასი _ 381,90 ლარს, კვების კომპენსაცია _ 354 ლარს; 2000 წლის ხელფასი _ 309,52 ლარს, კვების კომპენსაცია _ 236 ლარს (ს.ფ. 209).

საკასაციო სასამართლო განსახილველ ნაწილში ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 2008 წლის 31 იანვრის ¹341 ცნობით, მოსარჩელე ბ. გ.-ის წინაშე არ უღიარებია კვების კომპენსაციის დავალიანება, რადგან ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 2008 წლის 31 იანვრის ¹341 ცნობა საინფორმაციო ხასიათის ცნობას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაცია არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება ბ. გ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 826 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე ბ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება ბ. გ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 826 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბ. გ.-ის სარჩელი კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.