ბს-1288-1248(კ-08) 16 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. ჩ.-ის და შ.პ.ს. “გ”-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისისა და 4 აგვისტოს განჩინებებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, საქმეზე _ სს “...”-ს სარჩელისა გამო მოპასუხე ტ. ჩ.-ე და შ.პ.ს. “გ”-ს მიმართ, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელემ – შ.პ.ს. “მ”-მ 2000 წლის ივნისში სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების შ.პ.ს. “გ”-ისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და სახაზინო საწარმო “უ”-ს შორის 1999 წლის 25 მარტს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ს/ს “უ”-ზე გადაცემული და შესასყიდი შენობის ფართიდან 49.59 კვ.მ. ფართის ამორიცხვა, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსათვის დავალება მათ მიერ შედგენილ გეგმა-ნახაზში შესწორება შეიტანოს იმ კუთხით, რომ სახაზინო საწარმო “უ” ფლობს მხოლოდ 237.41 კვ.მ-ს, ხოლო 49.59 კვ.მ ფართი ეკუთვნის ელ. სადგურს.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს – შ.პ.ს. “მ”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 25 მარტის Qქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და სახაზინო საწარმო “უ”-ს შორის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება 49.59 კვ.მ ფართის ნაწილში, სადაც განლაგებულია ელექტროქვესადგური. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა ცვლილებების შეტანა სახაზინო საწარმო “უ”-ის, ამჟამად შ.პ.ს. “გ”-ს, მდებარე თბილისში, ...-ის ¹15-ში, გეგმა-ნახაზში 287 კვ.მ ფართის ნაწილში. შ.პ.ს. “გ”-ს ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული 287 კვ.მეტრიდან ამოირიცხა 49.59 კვ.მ ფართი, სადაც განლაგებულია ელექტროქვესადგური და მასზედ დარჩა გეგმა-ნახაზში 237.41 კვ.მ Gგაფორმებულად.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. “გ”-ს დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს “...”.
ამავე სასამართლოს 2002 წლის 22 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. “გ” შეიცვალა სათანადო მოპასუხით, ფიზიკურ პირ ტ. ჩ.-ით, შ.პ.ს. “გ” კი საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ და შ.პ.ს. “გ”-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. “გ”-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 დეკემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. “მ” ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ; ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით სათანადო მოსარჩელედ დადგენილი იქნა სს ,,...”.
შპს ,,გ”-მ და ტ. ჩ.-მ 2008 წლის 3 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება ქ. თბილისში, ...-ის ¹15-ში მდებარე, სახელმწიფოს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, 49.56 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე და 61 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შპს ,,მ” ყველანაირად ცდილობს სადავო ფართზე მიაღწიოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას სს ,,...” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის; განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული კი გაართულებს მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით განმცხადებელ შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ს დაევალა ხარვეზის შევსება; კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღეში წარედგინა ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადასადებ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება და განცხადების განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლი 22 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. “გ”-ს და ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ტ. ჩ.-ს (შ.პ.ს. “გ”) შორის ქ. თბილისში, ...-ის ¹15-ში მდებარე სახაზინო საწარმო “უ”-ის ქონებაზე დადებული იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება შენობის 49.59 კვ.მ ფართობის ნაწილში, სადაც მოთავსებულია ელექტროქვესადგური, ცნობილ იქნა ბათილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს ,,გ”-მ და ტ. ჩ.-მ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება. საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მათი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განუხილველად, რადგან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება არ ჩაბარებია 2008 წლის 15 ივლისს. შეტყობინების ბარათზე გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელმოწერა არ არის ტ. ჩ.-ის მიერ შესრულებული და პირადობის მოწმობა ¹01009021898 მას არ ეკუთვნის. ტ. ჩ.-ე საჩივარში მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისმა წარმომადგენელმა რუსუდან პიტავამ მიიღო 2008 წლის 16 ივლისს, რომელმაც იმავე დღეს შეატყობინა ტელეფონით და მან კი იმავე დღესვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით; ასევე საჯარო რეეტრში შეიტანა განცხადება ამონაწერის მიღების თაობაზე. საჩივარში ასევე აღნიშნული, რომ მის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში 2008 წლის 21 ივლისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა ტ. ჩ.-ის მეუღლე გ. ჩ.-ს 2008 წლის 15 ივლისს, რაც დასტურდება მის მიერ შეტყობინების ბარათზე გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელმოწერით და პირადობის მოწმობის ნომრით; სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირადობის მოწმობის მითითებული ¹01009021898 ეკუთვნის ტ. ჩ.-ის მეუღლე გ. ჩ.-ს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილი და ჩათვალა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა შპს ,,გ”-ს დირექტორის და ტ. ჩ.-ის ოჯახის წევრს, მეუღლეს, რის გამოც ხარვეზის შევსების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მათთვის ჩაბარების მომენტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. “გ”-ს და ტ. ჩ.-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისისა და 4 აგვისტოს განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით განმცხადებელ შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ს დაევალა ხარვეზის შევსება; კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღეში წარედგინა ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადასადებ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება და განცხადების განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განჩინება შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ 2008 წლის 7 ივლისს (ტ.2. ს.ფ. 462), რომელიც შპს ,,გ”-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 15 ივლისს, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2008 წლის 21 ივლისს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
მართალია შპს ,,გ”-ს დირექტორი და ტ. ჩ.-ე საჩივარში განმარტავს, რომ შეტყობინების ბარათზე გზავნილის ჩაბარების შესახებ მითითებული პირადი ნომერი და ხელმოწერა მისი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულიად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ს.ფ. 472-ით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ ტ. ჩ.-ის მეუღლემ და შპს ,,გ”-ს წარმომადგენელმა გ. ჩ.-მ 2008 წლის 15 ივლისს პირადად ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ჩაბარების დასტურზე აღნიშნულია მისი პირადი ¹01009021898.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს; ხოლო იმავე კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილში კი იმპერატიულად არის მითითებული, თუ ვის შეიძლება ჩაჰბარდეს უწყება, რომ ჩაითვალოს ჩაბარებულად, კერძოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ტ. ჩ.-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინების ასლი 2008 წლის 15 ივლისს არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ. ჩ.-მ, როგორც შპს ,,გ”-ს დირექტორმა (ტ.2, ს.ფ. 281) და ასევე როგორც ფიზიკურმა პირმა (ტ.2, ს.ფ. 419) გ. ჩ.-ს მიანიჭა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ყველა საპროცესო მოქმედების შესრულება სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ის განცხადების განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც შპს ,,გ”-ს და ტ. ჩ.-ის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ტ. ჩ.-ისა და შ.პ.ს. “გ”-ს საჩივარი;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისისა და 4 აგვისტოს განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.