ბს-1289-1233(კ-09) 16 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...» დირექტორის – ლ. ე-იანის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 29 სექტემბერს შპს ,,...» სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, საჯარო რეესტრისა და შპს ,,...» მიმართ.
2004 წლის 11 მაისს შპს ,,...» სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,...» მიმართ და მოითხოვა 11700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შპს ,,...» დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 2003 წლის 23 სექტემბრის ჩანაწერი ... ქ. ¹133-ში მდებარე 18კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის შპს ,,...» საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე და უკანონოდ იქნეს მიჩნეული თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 ივლისს შესრულებული მოქმედება შპს ,,...» კუთვნილი 18 კვ.მ ფართიდან გამოსახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...» დირექტორმა – ლ. ე-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს ,,...» დირექტორის – ლ. ე-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...» დირექტორმა – ლ. ე-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,...» დირექტორის – ლ. ე-იანის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...» დირექტორის – ლ. ე-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება შპს ,,...» დირექტორს – ლ. ე-იანს გაეგზავნა 2009 წლის 13 ოქტომბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ შპს ,,...» დირექტორმა – ლ. ე-იანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა 2009 წლის 16 ოქტომბერს, მაგრამ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან ხარვეზი გამოასწორა 2009 წლის 9 ნოემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,...» დირექტორს – ლ. ე-იანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2009 წლის 26 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2009 წლის 9 ნოემბერს, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,,...» დირექტორის – ლ. ე-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...» დირექტორის – ლ. ე-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ლ. ე-იანს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222; გადამხდელის ბანკი – სს ,,საქართველოს სახალხო ბანკის” ისანი-სამგორის განყოფილება, ბანკის კოდი 220101402;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.