ბს-1290-1250(კ-08) 15 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიკა ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 7 ივნისს ვ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ბათილად ცნობა საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით 0,5 საშტატო ერთეულზე დავით ძოწენიძის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში გასულად ჩათვლის ნაწილში და ამ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2006 წლის 8 სექტემბერს ვ. ხ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დამატებით მოითხოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საპროცედურო კომისიის 2006 წლის 23 მაისის ¹1 სხდომის ოქმის მე-2 პუნქტისა და საკონკურსო კომისიის 2006 წლის 10 მაისის ¹65 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დავით ძოწენიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ ღია კონკურსში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანებით კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა დ. ძ-ე, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტის დარღვევით, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფდა უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, ხოლო იმავე კანონის 34-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლებოდა მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა დაფუძნებოდა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანება დაფუძნებული იყო საკონკურსო კომისიის 2006 წლის 10 მაისის ¹65 სხდომის ოქმზე, რომლის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების შესახებ” დებულების 3.1, 3.3, 3.6, 4.1, 4.4, 4.5, 4.6, 4.8, 4.10, 4.11, 5.1, 5.2, 5.4. პუნქტების მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად დ. ძ-ე ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით 0,5 საშტატო ერთეულზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა კონკურსის წესით მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 16 მაისის ¹179/03 ბრძანების საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით 0,5 საშტატო ერთეულზე დ. ძ-ის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში გასულად ჩათვლის ნაწილში გამოცემისას დარღვეულ იქნა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტი და 34-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებით დამტიცებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების დებულების 3.1, 3.3, 3.6, 4.1, 4.4, 4.5, 4.6, 4.8, 4.10, 4.11, 5.1, 5.2, 5.4. პუნქტების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელისა და საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ზემოაღნიშნულის თაობაზე და მიიჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 16 მაისის ¹179/03 ბრძანება საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით 0,5 საშტატო ერთეულზე დ. ძ-ის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში გასულად ჩათვლის ნაწილში არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, ასევე არსებითად არ იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნაწილის) მომზადებისა და გამოცემის პროცესში არსებული პროცედურული დარღვევები არ შეიძლება ჩათვლილიყო ისეთ არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ვ. ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 15 იანვრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.