Facebook Twitter

ბს-1294-1254(2კ-08) 21 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების Fსამსახური (მოსარჩელე)

2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრიF(საგადასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები –შ.პ.ს. “დ....” (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “დ....” 2006 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მიწის გადასახადის ნაწილში გადასახადის ძირითადი თანხისა და საურავი დარიცხვის შესახებ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მარტის ¹84/მ საგადასახადო მოთხოვნის; მოსარჩელის შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 3 ივლისის ¹820 ბრძანებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 24 ივლისის ¹1371-ს ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2006 წლის 23 მარტის ¹84/მ “საგადასახადო მოთხოვნა” მოსარჩელისათვის _ შ.პ.ს. “დ...” მიწის გადასახადში გადასახადი ძირითადი თანხის _9 149 ლარისა და საურავის _ 36 891 ლარის დარიცხვის შეტყობინებისა და გადახდის შესახებ ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2006 წლის 3 ივლისის ¹820 ბრძანება შ.პ.ს “დ....” შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2006 წლის 24 ივლისის ¹1371 ბრძანება შ.პ.ს “დ....” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემობები: მარნეულის რაიონის გამგეობასა და შ.პ.ს “დ....” შორის 1997 წლის 20 მაისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს იჯარით გადაეცა სოფელ შაუმიანში მდებარე 123,00 ჰექტარი მიწის ნაკვეთი; იჯარის ობიექტის აღწერილობითი ოქმით ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ 123,00 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობიდან 25,00 ჰექტარი განეკუთვნებოდა I ხარისხის კატეგორიის მიწის ნაკვეთს, ხოლო 98,00 ჰექტარი _ II ხარისხის კატეგორიის მიწის ნაკვეთს. ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით; მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო 1997 წლის 1 იანვრიდან. ხელშეკრულებით განისაზღვრა იჯარის ქირის ყოველწლიური თანხა _ 4 194 ლარი, განისაზღვრა აგრეთვე ამ თანხის გადახდის წესი და ვადები _ შ.პ.ს. “დ....” იჯარის ქირა უნდა გადაეხადა წელიწადში ორჯერ _ 15 აგვისტოსა და 15 ნოემბერს;

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 10 აგვისტოს ¹8/7 დადგენილების მე-3 პუნქტით შ.პ.ს. “დ...”, როგორც ურჩ გადამხდელს, გაუუქმდა 1997 წლის 20 მაისის იჯარის ხელშეკრულება. შ.პ.ს. “დ....” სარჩელის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 10 აგვისტოს ¹8/7 დადგენილების მე-3 პუნქტი და შ.პ.ს. “დ....” ცნობილ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის მოიჯარედ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შ.პ.ს. “დ...” სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ფაქტობრივ სარგებლობაში დაუბრუნდა 2005 წლის დეკემბერში; შ.პ.ს. “დ....”, როგორც გადასახადის გადამხდელი აღრიცხვაზეა რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში; რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მარტის ¹84/მ “საგადასახადო მოთხოვნით” შ.პ.ს. “დ....” ეცნობა, რომ მიწის გადასახადის ნაწილში გადაუხდელი გადასახადის ძირითადმა თანხამ შეადგინა 9 149 ლარი, ხოლო გადასახადის დროული გადაუხდელობისათვის დარიცხულმა სანქცია-საურავმა _ 36 891 ლარი; ამავე “საგადასახადო მოთხოვნით” შ.პ.ს. “დ....” განემარტა, რომ მას მითითებული თანხები უნდა დაეფარა “საგადასახადო მოთხოვნის” მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. “დ....” სარჩელიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებულო უნდა ყოფილიყო სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სამართლის ნორმები, აგრეთვე ის პროცედურული ნორმები, რომლებიც შემოღებულ იქნა სამოქმედოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2004 წლის 22 დეკემბრის რედაქციით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქციის) 152-ე მუხლის II ნაწილზე, რომლის თანახმად მოპასუხე ვალდებული იყო ყოველი საანგარიშო წლის 1 ივნისს შ.პ.ს. “დ....” გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება; სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას 2006 წლის 23 მარტამდე მოსარჩელისათვის არ გაუგზავნია არცერთი საგადასახადო შეტყობინება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 23 მარტის ¹84/მ “საგადასახადო მოთხოვნა” მოსარჩელეს გაეგზავნა ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გაშვების შემდეგ, ვინაიდან მოპასუხისათვის ჯერ კიდევ 1999 წლის 15 ნოემბერს ცნობილი იყო, რომ შ.პ.ს. “დ....” არ გადაიხადა იმ წლის (და არა მარტო იმ წლის) კუთვნილი მიწის გადასახადის თანხა, რის გამოც მოპასუხეს საგადასახადო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება წარმოეშვა კალენდარული წლის დასასრულისათვის _ 1999 წლის 31 დეკემბრისათვის. სასამართლომ ჩათვალა, რომ შ.პ.ს. “დ....” მიწის გადასახადის თანხისა და დარიცხული საურავის შესახებ “საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენის ვადა მოპასუხეს _ რუსთავის საგადასახადო ინსპექციას ამოეწურა 2006 წლის 1 იანვარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მიწის გადასახადის ძირითადი თანხა და საურავი შ.პ.ს. “დ...” მიერ აღიარებულია, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 23-ე ნაწილის “ბ” პუნქტითა და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტების თანახმად მოპასუხე არასწორად განიხილავს შ.პ.ს. “დ...” ბარათზე დარიცხული მიწის გადასახადის დავალიანებას აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, რუსთავის საგადასახადო ინსპექცია უფლბამოსილი არ იყო გამოეცა 2006 წლის 23 მარტის ¹84/მ “საგადასახადო მოთხოვნა”, რადგან 2006 წლის 1 იანვრისათვის ამოიწურა ამ სახისა და შინაარსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით საქმეში აპელანტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადიო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი; ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრმა; კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შ.პ.ს. “დ...” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გასულია ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან შესაბამისი პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 2001 წლიდან, ხოლო მოთხოვნა წარდგენილ იქნა 2006 წელში.

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით “საგადასახადო მოთხოვნაში” ასახული დარიცხული გადასახადის ოდენობა არითმეტიკულ ცდომილებას წარმოადგენს და ის, რომ მას მიწის გადასახადი უნდა დარიცხვოდა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რაც გადამხელის მიერ გადასახადის ეტაპობრივი გადახდებითაც დასტურდება. აღნიშნულ გარემოებას სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება, რის გამოც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგადასახადო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელმაც განსაზღვრა საგადასახადო მოთხოვნის ცნება, ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს, ამიტომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს “საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენის ხანდაზმულობის ვადებს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილ ნარჩენ საგადასახადო დავალიანებაზე. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლი არასწორად გამოიყენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.