ბს-1296-1256(კ-08) 15 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 9 ოქტომბერს ი/მ «კ. გ-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელეს ჩაჰბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 2 ოქტომბრის ¹7133 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი/მ «კ. გ-ის» საჩივარი, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 5 სექტემბრის ¹2009 საგადასახადო მოთხოვნით მოსარჩელის დღგ-ს ნაწილში საურავის _ 6244,61 ლარის ოდენობით დარიცხვის თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 29-ე მუხლის 25-ე ნაწილზე, 90-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საურავის დარიცხვა უკანონო იყო, რადგან დღგ-ს თანხის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრებოდა მიმწოდებელს, მოსარჩელე კი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა მყიდველს. კერძოდ, 2003 წლის 24 და 25 თებერვალს ი/მ «ზ. კ-ს» მიერ გამოწერილ სერია აა-04 ¹125149 და სერია აა-04 ¹ 125150 საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე გამყიდველმა მყიდველს _ ი/მ «კ. გ-ს» მიაწოდა პირველ შემთხვევაში კვების პროდუქტები დღგ-ს ჩათვლით 32619,85 ლარის ღირებულებით, მეორე შემთხვევაში _ ასევე კვების პროდუქტები დღგ-ს ჩათვლით 27637, 90 ლარის ღირებულებით. გამყიდველის – ი/მ «ზ. კ-ის» მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების ასლები მოსარჩელემ დღგ-ს ჩათვლის მიღების მიზნით წარადგინა საგადასახადო ინსპექციაში.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ არასწორად გამოიყენა მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 252-ე მუხლი და უკანონოდ დააკისრა საურავი, რადგან იგი არ წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელს, დღგ-ს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მიმწოდებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 2 ოქტომბრის ი/მ «კ. გ-ის» საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ¹7133 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 5 სექტემბრის ¹2009 «საგადასახადო მოთხოვნის» ბათილად ცნობა მოითხოვა მოსარჩელისთვის დღგ-ზე საურავის თანხის _ 6244,61 ლარის დარიცხვის ნაწილში.
მოპასუხეებმა მიუთითეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 114-ე მუხლის I ნაწილზე, რომლის თანახმად, ჩასათვლელი დღგ-ს თანხა იყო გადასახადის თანხა, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილი უნდა ყოფილიყო წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისად დასაბეგრ იმპორტზე ან დასაბეგრ ოპერაციებზე, თუ საქონელი, სამუშაო ან მომსახურება გამოიყენებოდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიასთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ შეიტანებოდა პროდუქციის თვითღირებულებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ი/მ «ზ. კ-ის» მიერ არ იქნა წარმოდგენილი განხორციელებულ ოპერაციებზე შესაბამისი დეკლარაციები ანგარიშფაქტურებთან ერთად, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში არ მომხდარა თანხის შეტანა. ამდენად, მოსარჩელეს გაუუქმდა ჩათვლები და დაერიხცა საურავი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ი/მ «ზ. კ-ე» ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი/მ «კ. გ-ის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 2 ოქტომბრის ი/მ «კ. გ-ის» საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ¹7133 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 5 სექტემბრის ¹2009 «საგადასახადო მოთხოვნა» მოსარჩელისთვის დღგ-ზე საურავის _ 6244,61 ლარის დარიცხვის ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აა-04 ¹125149 და სერია აა-04 ¹ 125150 საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შედეგად ი/მ «კ. გ-ის» საურავის დარიცხვა უკანონო იყო და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის როგორც ძირითად პრინციპებს, ისე აღნიშნული კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 29-ე მუხლის 25-ე ნაწილის, 90-ე, 252-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან დღგ-ს გადამხდელს ი/მ «კ. გ-ე» არ წარმოადგენდა. დღგ-ს გადამხდელად ითვლებოდა საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმწოდებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ «კ. გ-ე» წარმოადგენდა მყიდველს და არა მიმწოდებელს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იგი არ ითვლებოდა დღგ-ს გადამხდელად. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 252-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული საურავი მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 15 იანვრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.