ბს-1300-1260(კ-08) 10 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშეკასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. შ.-ა
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 13 თებერვალს ნ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1992-1993 წლებში საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის დადგენა და ვეტერანის სტატუსის მინიჭება შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, 1992-1993 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში. 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა ...-ე ბრიგადის ...-ე საარტილერიო დივიზიონში დაზვერვის ოცეულში. 1992 წლის დეკემბერში საბრძოლო ოპერაციის ჩატარებისას მიიღო მძიმე ჭრილობა თავის არეში, რაც დასტურდება საბრძოლო მოკვლევით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვის კომპიუტერული ცენტრის ცნობით, საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დადგენილებით, ასევე სენაკის სპეციალიზებული ფსიქიატრიული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მოსარჩელის მონაწილეობას (იხ. ს.ფ. 1-2).
ნ. შ.-ს სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა ნ. შ.-ს ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანება (იხ. ს.ფ. 27).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მარტის გაადწყვეტილებით ნ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 5 თებერვლის ¹1282 წერილი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ¹1282-01.02.2007 წერილი, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალების არსებულ მონაცემებში არ მოიპოვება ნ. შ.-ს შესახებ მონაცემები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლებით და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ...-ე ბრიგადის ...-ე საარტილერიო დივიზიონის რიგითს ნ. შ.-ს 1993 წლის დიაგნოზით დაუდგინდა ჭრილობები ორივე ფეხზე, თავის ქალის ტრავმის ნარჩენი მოვლენები, პოსტტრავმული ენცეფალოპათია მყარი ასთენო-დეპრესიული სინდრომი.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე (იხ. ს.ფ. 30-32).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
აპელანტმა მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა, არ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა.
აპელანტის მითითებით, ნ. შ.-ს განცხადების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლითაც დადგინდა, რომ საარქივო მასალებში მის მიმართ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა და გაიცა შესაბამისი პასუხი.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გაიზირა თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის წერილი, რომლის თანახმად, ეჭვს იწვევდა თავდაცვის მინისტრის წარდგენილი 2001 წლის 15 თებერვლის ¹98 ბრძანების სინამდვილე, რადგან დეპარტამენტში არსებული ¹98 ბრძანება დათარიღებული იყო 5 თებერვლით და იგი შინაარსობრივადაც განსხვავდებოდა 15 თებერვლის ბრძანებისაგან.
აპელანტის მითითებით, საარქივო მასალების გადამოწმების შედეგად, არ აღმოჩნდა არც ერთი დოკუმენტი მოსარჩელის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და დაინტერესებულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა მოსაზრებების წარსადგენად, რადგან საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა საარქივო მასალების გადამოწმების რეალური შედეგები. ინფორმაციის არ არსებობა საარქივო მასალებში არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით, შესაბამისად, მოპასუხე ვერ გასცემს ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებებს სათანადო დოკუმენტების არარსებობის გამო და ვერ აწარმოებს მოკვლევას (იხ. ს.ფ. 38-39).
თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ნ. შ.-მ (იხ. ს.ფ. 50-55).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადებიდან და სასამართლო პროცესზე მოსარჩელის განმარტებიდან დგინდება, რომ იგი ითხოვდა არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, არამედ ვეტერანის სტატუსის მინიჭებასაც, რაზეც არ უმსჯელია საქალაქო სასამართლოს და საქმეში მხარედ არ მოუწვევია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და ამ სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს პოზიცია არ ასახულა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია სსსკ-ის 249.3 249.5 მუხლები და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სასამართლოს დასკვნები, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს შეიარაღებული ძალების 2007 წლის 0102 ¹1282 წერილი, მხარეს კი არსებითად უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 5 თებერვლის ¹638 წერილით, რომლის თაობაზეც საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია (იხ. ს.ფ. 73-75).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია და მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული 2007 წლის 01.02.2007 წლის ¹1282 წერილის ბათილად ცნობა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 3 თებერვლის ¹638 წერილის ბათილად ცნობა და ვეტერანის სტატუსის მინიჭება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნაზე ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან აღნიშნული მოსარჩელეს არ მოუთხოვის და სსსკ-ის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
გარდა აღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აპელაციის მოტივებზე და უარი უნდა ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
კასატორის მითითებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და ახორციელებს მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საქმიანობას. ამავე კანონის 18.2 მუხლით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.
კასატორის მოსაზრებით, შეიარაღებული ძალების დეპარტამენტის უარი გამოცემულია აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანების მე-6 მუხლის «ტ» პუნქტის შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, 97.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად (იხ. ს.ფ. 79-88).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «გ» მუხლის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 89-94).
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა რა მოსარჩელის მოთხოვნაზე ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე ბათილად ცნო საქართველოს შეიარაღებული ძალების 2007 წლის ¹1282 წერილი და არ უმსჯელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 5 თებერვლის ¹638 წერილზე, რომლითაც არსებითად ეთქვა უარი ნ. შ.-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული მოტივით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე სსსკ-ის 385-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებოდა საქალაქო სასამართლოს მიერ ხელახლა განხილვას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან, რადგან საქმის მასალების მიხედვით, საქალაქო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 18-19), ასევე საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რითაც მიენიჭებოდა ვეტერანის სტატუსი (იხ. ს.ფ. 27). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილშიც მიეთითა, რომ მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების 2007 წლის ¹1282 წერილის ბათილად ცნობა და ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშნული გარემოებების შეფასების გარეშე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია სრულად სასარჩელო მოთხოვნებზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები არ ქმნიდა ამგვარი დასკვნის ერთმნიშვნელოვნად გაკეთების წინაპირობას, რადგან სასამართლოს სხდომის ოქმებში ასახულია მხარის პოზიცია, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია, მით უფრო, სსსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, აღნიშნული საპროცესო დარღვევების თაობაზე კი სააპელაციო პრეტენზია წარდგენილი არ ყოფილა. თავად მოსარჩელე არ იზიარებდა თავდაცვის სამინისტროს არგუმენტებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის პროცესუალური წინაპირობა სსსკ-ის 385.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან საქალაქო სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის დარღვევას – საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იყო იმდენად არასრული, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებული იყო სასარჩელო მოთხოვნა და ამგვარ ვითარებაში იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე _ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია არსებობდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სსსკ-ის 385.2 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა სააპელაციო სასამართლოს თავად განეხილა საქმე არსებითად და მიეღო გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში საქმის დაბრუნების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს იმ პირობებში, თუ მიიჩნევდა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნამსჯელი არ იყო სასარჩელო მოთხოვნებზე და საქმე განხილული იყო მითითებული საპროცესო დარღვევებით, თავად შეეძლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნებზე, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო თუ არა ორი დამოუკიდებელი მოთხოვნა - 1992-1993 წლებში საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და ვეტერანის სტატუსის მინიჭება, რადგან აღნიშნული არც საქმის მასალებით და არც სასარჩელო განცხადებით არ დასტურდება, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვეტერანის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს სარჩელის მიზანს, რადგან სოციალური გარანტიის მისაღებად – ვეტერანის პენსიის დასანიშნად პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს ვეტერანის სტატუსი, რაზეც უარი ეთქვა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ იმ მოტივით, რომ სტატუსის მისანიჭებლად მოსარჩელეს უნდა წარედგინა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ე.წ «ყვითელი ცნობა» საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელე სწორედ ვეტერანის სტატუსის მინიჭების მიზნით ითხოვდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნები ურთიერთდაკავშირებულია, მაგრამ იმ პირობებში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ვეტერანის სტატუსის მინიჭება, თავად შეეძლო ემსჯელა აღნიშნულის თაობაზე და საქმეში მოეწვია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 385.2 მუხლის შესაბამისად, თავად უნდა განიხილოს საქმე, იმსჯელოს ზემოთ მითითებულ გარემოებებზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დასადგენად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.