Facebook Twitter

ბს-1307-1267(კ-08) 15 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 21 სექტემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – გ. კ-სა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირებად კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურსა და ლიანა აბაშიძეზე მიუთითა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 12 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ..... ქუჩის ¹4-ის, ¹3 კორპუსში მდებარე 37,93 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 7 მარტის ¹1-1/423 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. აღნიშნული ფართი 2007 წლის 2 მაისს პრივატიზებულ იქნა ლ. ა-ის მიერ, 2007 წლის 7 ივნისს მასთან გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, ხოლო 2007 წლის 13 ივნისს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹23/481-ა მოწმობა.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფართი მოიცვა იმავე მისამართზე მდებარე 76 კვ.მ არასაცხოვრებელმა ფართმა, რომელიც 2007 წლის 10 მაისს, დიდუბის რაიონის ¹28 საბინაო უბანთან 1993 წლის 4 თებერვალს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, გ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით იყო რეგისტრირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გ. კ-სა და ქ. თბილისის დიდუბის რაიონის ¹28 საბინაო უბანს შორის 1993 წლის 4 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის სადავო ფართზე გ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმების დავალება მოითხოვა.

2007 წლის 16 ნოემბერს გია კიკნაძემ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირებად კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურსა და ლიანა აბაშიძეზე მიუთითა.

შეგებებული სარჩელის ავტორმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ¹1-1/423 ბრძანებით დამტკიცებული დამატებითი საპრივატიზაციო ობიექტების თანდართული ნუსხის იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ..... ქუჩის ¹4-ის ¹3 კორპუსში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება დაევალა; ასევე ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის სადავო ფართზე ლ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელი განუხილველი დარჩა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. კ-სა და დიდუბის რაიონის ¹28 საბინაო უბანს შორის 1993 წლის 4 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი სადავო ფართზე გ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ასევე დაარღვია იმავე კოდექსის 394-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 10 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, 1993 წლის 4 თებერვალს დიდუბის რაიონის ¹28 საბინაო უბანთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, გ. კ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 76 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში შედიოდა ლ. ა-ის მიერ პრივატიზებული 37,93 კვ.მ ფართი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 15 იანვრამდე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.