Facebook Twitter
ბს-1308-1268(კ-08) 8 აპრილი, 2009 წელი

ბს-1308-1268(კ-08) 8 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

05.04.05წ. დ. ფ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, ნ. მ-შვილმა, მ. კ-შვილმა და ნ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერიის 04.03.05წ. ¹21 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» ქ. თბილისის მერიის 07.03.05წ. ¹22 განკარგულების, ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 10.03.05წ. ¹201 განკარგულების, ,,ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ცალკეული საქალაქო სამსახურების სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" ქ. თბილისის მერიის 29.03.05წ. ¹14 განკარგულების ბათილად ცნობა და მათი მოქმედების შეჩერება.

27.05.05წ. დ. ფ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, ნ. მ-შვილმა, მ. კ-შვილმა და ნ. ბ-ძემ კიდევ ერთი სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერის 05.05.05წ. ¹23 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 16.05.05წ. ¹149 განკარგულების, ქ. თბილისის პრემიერის 05.05.05წ. ¹483 განკარგულების, ქ. თბილისის მერის 05.05.05წ. ¹40 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 01.06.05წ. განჩინებით სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. თბილისის მერის 05.05.05წ. ¹23 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 05.05.05წ. ¹40 ბრძანების ბათილად ცნობას, მიღებულ იქნა წარმოებაში, დ. ფ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. მ-შვილის, მ. კ-შვილისა და ნ. ბ-ძის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. თბილისის მერის 16.05.05წ. ¹149 და ქ. თბილისის პრემიერის 05.05.05წ. ¹483 განკარგულებების ბათილად ცნობას, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.07.05წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე დ. ფ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. მ-შვილის, მ. კ-შვილისა და ნ. ბ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, ამავე კოლეგიის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.05წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე დ. ფ-შვილისა და სხვათა სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციულ საქმესთან დ. ფ-შვილისა და სხვათა სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.06წ. გადაწყვეტილებით დ. ფ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. მ-შვილის, მ. კ-შვილისა და ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდა «ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ» ქ. თბილისის მერის 05.05.05წ. ¹23 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 16.05.05წ. ¹149 განკარგულება მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე ქ. თბილისის მერიას დაევალა იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, ნ. მ-შვილმა, მ. კ-შვილმა და ნ. ბ-ძემ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.07წ. განჩინებით ქ. თბილისის პრემიერი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერიით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.07წ. გადაწყვეტილებით დ. ფ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. მ-შვილის, მ. კ-შვილისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.06წ. გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, ნ. მ-შვილმა, მ. კ-შვილმა და ნ. ბ-ძემ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.01.08წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.08წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.06წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერის 04.03.05წ. ¹21 განკარგულების, 07.03.05წ. ¹22 განკარგულების, 29.03.05წ. ¹34 განკარგულების, ქ. თბილისის პრემიერის 10.03.05წ. ¹201 განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და მითითებული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელეების მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.08წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დ. ფ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. მ-შვილის, მ. კ-შვილისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ფ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. მ-შვილის, მ. კ-შვილისა და ნ. ბ-ძის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მერიას დაევალა სამსახურიდან განთავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოსარჩელეებისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სარჩელი ქ. თბილისის მერის 05.05.05წ. ¹40 ბრძანებისა და ქ. თბილისის პრემიერის 05.05.05.წ. ¹483 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.