Facebook Twitter

ბს-1311-1270(კ-08) 14 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ო. ლ-ა, ი. ჭ-ი, ლ. გ-ი, ლ. ე-ე ზ. ლ-ე, ნ. ხ-ი, კ. მ-ე და სხვები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი _ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება, ვალის FFFFFFFFFFFFFFFFFგადახდის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელეებმა – ო. ლ-ამ, ი. ჭ-მა, ლ. გ-მა, ლ. ე-ემ, ზ. ლ-ემ, ნ. ხ-მა, კ. მ-ემ და სხვებმა 2007 წლის 4 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა – ო. ლ-ას, ი. ჭ-ის, ლ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ლ-ის, ნ. ხ-ის, კ. მ-ისა და სხვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მინიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს არ გააჩნია ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ადეკვატური სამართლებრივი აქტი - ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის I პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვის წესი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ გამომდინარეობს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც კერძო-სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებიდან გამომდინარე დავა, რადგან თვით ამ ურთიერთობათა რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები გათვალისწინებულ იქნა საჯარო სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» და ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე ამ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართლის სფეროში გამოცემული მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ლ-ამ, ი. ჭ-მა, ლ. გ-მა, ლ. ე-ემ, ზ. ლ-ემ, ნ. ხ-მა, კ. მ-ემ და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით ო. ლ-ას, ი. ჭ-ის, ლ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ლ-ის, ნ. ხ-ის, კ. მ-ისა და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ო. ლ-ამ, ი. ჭ-მა, ლ. გ-მა, ლ. ე-ემ, ზ. ლ-ემ, ნ. ხ-მა, კ. მ-ემ და სხვებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, რომლის გამოყენებაც მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან შიდა სამართალი ჯეროვნად ვერ არეგულირებდა სამართლებრივ ურთიერთობებს. “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო შეემუშავებინა სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი, რაც დღემდე არ განხორციელებულა, მაშინ როცა ქონება ჩამორთმეულია 1999 წლის “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებული საკითხის დამარეგულირებელი სპეციალური ნორმით – საქართველოს პრეზიდენტის 12.10.1999 წლის ¹592 ბრძანებულებით და ამოწურულია იმავე დოკუმენტით ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების შესატყვისი საკომპენსაციო თანხის გაცემის ვადა – 2005 წელი.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით სახლმწიფო კომისიის შექმნის გასამართლებლად გამოიყენა, მაშინ როცა მითითებული ნორმა კომისიის შექმნას კი არ ითვალისწინებს, არამედ სავალო ვალდებულებების წესის შემუშავებას ავალებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად და მოსარჩელეთა საზიანოდ განმარტა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის «ბ‘‘ ქვეპუნქტი.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მათი ბინები წარმოადგენს დამთავრებას დაუქვემდებარებელ კატეგორიას, რის გამოც მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ფულადი კომპენსაციის გზით, რაც კასატორთა აზრით, სრულიად საფუძვლიანად უნდა განხორციელდეს საბაზრო ფასებით, ამ შემთხვევაში აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ლ-ას, ი. ჭ-ის, ლ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ლ-ის, ნ. ხ-ის, კ. მ-ისა და სხვების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ო. ლ-ას, ი. ჭ-ის, ლ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ლ-ის, ნ. ხ-ის, კ. მ-ისა და სხვების საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ო. ლ-ას, ი. ჭ-ის, ლ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ლ-ის, ნ. ხ-ის, კ. მ-ისა და სხვების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.