Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-131-126(2კ-09) 12 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. წ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 23 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-131-126(2კ-09) ბ. წ.-ისა და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრებით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ბ. წ.-ისა და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. ასევე, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. კასატორის _ ბ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე ბ. წ.-ის მიერ საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორებს მიეცა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 284-286).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2009 წლის 23 თებერვალს საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა – ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურმა (იხ. ს.ფ. 297-300).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით კასატორს – ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 301-303).

კასატორმა – ბ. წ.-მ ხარვეზი არ შეავსო და საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ბ. წ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნათ კასატორსა და მის წარმომადგენელს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორის წარმომადგენელს – ლ. კ.-ს ჩაჰბარდა 2009 წლის 7 თებერვალს (იხ. ს.ფ. 295). კასატორს – ბ. წ.-ს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინების ასლი გაეგზავნა სსსკ-ის 71.1 მუხლის შესაბამისად, მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორს საკასაციო სასამართლოს გზავნილი არ ჩაჰბარდა ადრესატის მოუძიებლობის გამო (იხ. ს.ფ. 308).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, გაგზავნილი დოკუმენტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, კონკრეტულ შემთხვევაში _ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინება ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენელს – ლ. კ.-ს 2009 წლის 7 თებერვალს, შესაბამისად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება მხარისთვისაც, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.