ბს-1315-1274(კ-08) 30 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ა-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-შვილმა 23.10.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოპასუხის თანამშრომელთა მიერ 26.09.06წ. შედგენილი ¹212310 საჯარიმო ქვითრის, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 12.10.06წ. და 13.10.06წ. ¹20/26-6-5-ა-237 ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 28.09.06წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს წარუდგინა საჩივარი, რომლითაც ასაჩივრებდა 26.09.06წ. ¹212310 საჯარიმო ქვითარს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს). საჩივრით მოითხოვდა 26.09.06წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ვ. ლ-შვილის 13.10.06წ. ¹20/26-6-5-ა-237 წერილით ლ. ა-შვილს უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული წერილი ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვინაიდან წერილიდან ვერ ირკვევა დადგინდა თუ არა ფაქტობრივი გარემოებები და რომელი მტკიცებულებების საფუძველზე, შესწავლილ იქნა თუ არა საჩივარში აღნიშნული გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები და რომელი მტკიცებულებების და ნორმატიული აქტების საფუძველზე იქნა უარყოფილი მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.05.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ა-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ლ. ა-შვილს უარი ეთქვა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 13.10.06წ. ¹20/26-6-5-ა-237, 12.10.06წ. ადმინისტრაციული აქტებისა და 26.09.06წ. ¹2/2310 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.05.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 26.09.06წ. 1320 საათზე შედგენილი სქემა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი – შემთხვევის ადგილი ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა) და არ მოუთხოვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარება ან სპეციალისტის დასკვნის შედგენა, რის გამოც პალატა პროცესუალურად მოკლებული იყო შესაძლებლობას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეემოწმებინა მითითებული სქემის შესაბამისობა კანონთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტ ლ. ა-შვილის საჩივარი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა 26.09.06წ. შედგენილი ოქმის (ჯარიმის ქვითარი ¹212310) გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XX და XXII თავებით დადგენილი წესით. აღნიშნული წესით საჩივრის ან პროტესტის განხილვა არ ითვალისწინებს საჩივრის შემტანი პირის მოწვევას ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მოსარჩელეს, როგორც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს შეეზღუდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ «მანევრირების წესების დარღვევა» და «გასწრების წესების დარღვევა» ერთი და იგივეა. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით მას პასუხს აგებინებენ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, ვინაიდან საჩივრის წარდგენის შემდეგ საქმის მთელი წარმოება მიმდინარეობდა მის მიერ 125-ე მუხლის მე-6 პუნქტის («მანევრირების წესების დარღვევა») დარღვევის თაობაზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით გაუგებარია სხვა რა წესით ან მტკიცებულებით უნდა დადასტურებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მისთვის გარანტირებული უფლებების დარღვევა, როდესაც თვით მოპასუხე აღიარებდა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და არ გაუგზავნია მისთვის შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ლ. ა-შვილი 26.09.06წ., 1230 საათზე მერსედესის მარკის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით ... მოძრაობდა ფეიქრების ქუჩაზე ქსნის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, უკანა მარჯვენა ფრთაში შეეჯახა ავტომობილ მერსედეს ბენცს, სახ. ნომრით ..., რომელსაც მართავდა თ. ვ-შვილი და დააზიანა იგი. ლ. ა-შვილს 26.09.06წ. აა¹212310 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (საჯარიმო ქვითრით) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის), დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 200 ლარის ოდენობით. 26.09.06წ. აა¹212310 საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული წარმოების წესით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტანტში გაასაჩივრა ლ. ა-შვილმა. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 12.10.06წ. ცნობით _ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს I სახაზო სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მიმართულების II ოცეულის პატრულ-ინსპექტორის, პოლიციის უმცროსი ლეინტენანტის მ. ს-ძის მოქმედება ჩაითვალა მართლზომიერად, ძალაში დარჩა მ. ს-ძის მიერ მოქალაქე ლ. ა-შვილის მიმართ 26.09.06წ. შედგენილი აა¹212310 საჯარიმო ქვითარი, სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე შედგენილი ცნობის ასლი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში, წერილობითი პასუხი გაეგზავნა ლ. ა-შვილს და სამსახურებრივი შემოწმება ჩაითვალა დასრულებულად. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 13.10.06წ. წერილით ლ. ა-შვილს ეცნობა, რომ განხილულ იქნა მისი 28.09.06წ. ¹ა-237 განცხადება მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის გაუქმების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობეს, რომ საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს I სახაზო საპატრულო სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მიმართულების II ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მ. ს-ძის მიერ, ლ. ა-შვილის მიმართ 26.09.06წ. აა¹212310 საჯარიმო ქვითარი შედგენილია კანონიერად და არ არსებობდა პატრულ-ინსპექტორის მიერ მის მიმართ შედგენილი ოქმის მართლზომიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე, 2341, 239-240 მუხლების, შს მინისტრის 04.08.05წ. ¹792 ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დაცვით, კერძოდ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ოქმი შეიცავს ყველა რეკვიზიტს, მას ხელს აწერს ოქმის შემდგენი და დაზარალებული, ხოლო სამართალდარღვევის ჩამდენმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, რაც ასევე ასახულია ოქმის შესაბამის გრაფაში. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი.
ადმინისტრაციულ სამართალქდარღვევათა კოდექსის 209.2, 2341, 242.2, 292-ე მუხლების მიხედვით, კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას მძღოლს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ 26.03.06წ. საჯარიმო ქვითარი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის, «ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შეფასებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.08.05წ. ¹792 ბრძანების 5.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენს არა მხოლოდ ოქმს, არამედ აგრეთვე სამართალდარღვევის მიმართ საჯარიმო თანხის დაკისრების საფუძველს და შესაბამისად, სზაკ-ის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სტადიების (საქმის აღძვრის, განხილვის) შერწყმას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის უფლებებს და მოვალეობებს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდებისას და არა სადავოდ გამხდარი საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით აღძრულ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ლ. ა-შვილის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჯარიმის შეფარდებისას დაცულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნები (მხარეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებანი, შედგა და მხარეებს გაეცნოთ საგზაო და სატრანსპორტო შემთხვევის სქემა და სამართალდარღვევის ოქმი). კოდექსის 237-ე და 2341 მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგილზე განხილულ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მანევრირება, არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულობა, არ დაიცვა «მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 28.10 მუხლით გათვალისწინებული მანქანებს შორის დისტანცია, არ გაითვალისწინა ქუჩის სიგანე და მოძრაობის მიმართულება, რაც გახდა მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი.
კასატორი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 12.10.06წ. და ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 13.10.06წ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს ხსენებული აქტების მომზადებისა და გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნის დაუცველობის გამო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ზოგიერთი სხვა საკანონმდებლო აქტის (მაგ. საგადასახადო კოდექსის და სხვ.) მსგავსად, ითვალისწინებს სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესისაგან განსხვავებულ წესს, კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების და გაპროტესტების წესი არ ადგენს საჩივრის განხილვისას პირის მონაწილეობით ზეპირი მოსმენის გამართვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სასამართლოში გასაჩივრებული აქტის განხილვის თავისებურ, საერთო წესისაგან განსხვავებულ წესებს. აღნიშნულის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის განხილვის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კანონმდებლობის საფუძველზე ხდება სადავო აქტის გასაჩივრება. სზაკ-ის მე-13 თავის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სზაკ-ის ნორმების საფუძველზე გასაჩივრების შემთხვევაში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ლ. ა-შვილმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს საჩივრით მიმართა არა სზაკ-ის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რასაც ადასტურებს საჩივრის შინაარსი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 12.10.06წ. ცნობაში ძირითადში სრულყოფილად არის შესწავლილი ლ. ა-შვილის საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია და დადგენილი სათანადო გარემოებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვითაც რომ განხორციელებულიყო ლ. ა-შვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, მიღებული იქნებოდა იგივე შედეგი. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სადავო ინდივიდუალური ადმინინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების წესების დარღვევაზე, ამასთანავე, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე.
სასამართლო პრაქტიკის იერარქიული ხასიათის გამო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება განხილული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად. ასეთს არ წარმოადგენს აგრეთვე საკასაციო სასამართლოს 09.06.05წ. გადაწყვეტილება (საქმე ¹ბს-292-230-კ-05), რომელიც ეხება არა ადმინისტრაციულ საჩივარზე სამართალწარმოების წესს, არამედ საგადასახადო ინსპექციის აქტის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების კანონიერების სასამართლოში სასარჩელო წესით განხილვის, რაიონული სასამართლოს აქტის ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ «ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ» 23.10.08წ. კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელზეც, რომელიც ლ. ა-შვილს დაეკისრა 26.09.06წ. საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 23.10.08წ. კანონის საფუძველზე მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ «ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ» 23.10.08წ. კანონი წარმოადგენს, როგორც ძირითადი ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან გათავისუფლების საფუძველს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე და 286-ე მუხლების მიხედვით ამნისტიის აქტი წარმოადგენს საქმის წარმოების და აღსრულების შეწყვეტის შემთხვევას, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს დაუშვებლობის მოტივით (სასკ-ის 262.6 მუხ.) საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ქ. თბილისის და მცხეთა-თიანეთის საპატრულო პოლიციის მთ. სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის 20.05.09წ. ცნობა 23.10.08წ. კანონის საფუძველზე ლ. ა-შვილის სახდელისაგან და საურავისაგან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციული ხასიათისაა და არ ადასტურებს სადავო აქტების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, ამასთანავე, 23.10.08წ. კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ქმნის მხოლოდ დაკისრებული ჯარიმისაგან განთავისუფლების საფუძველს, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარიმო თანხის დაკისრების გარდა შეიცავს აგრეთვე სხვა ნაწილებსაც. მოსარჩელეს 23.10.08წ. კანონით სანქციისაგან გათავისუფლების გამო უარი სარჩელზე არ განუცხადებია, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტები გასაჩივრდა არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა სასკ-ის 32.3 მუხლის პროცესუალური ანალოგიის გამოყენებით, თვლის, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ 23.10.08წ. კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ 2007 წლის 1 დეკემბრამდე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული და ამ კანონის ამოქმედებამდე აღუსრულებელი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას აღსრულების სტადიაზე, არამედ აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის გამო განხილვაში მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ 23.10.08წ. კანონის შესაბამისად სახდელისაგან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტას (მე-3 მუხ.), საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მიუხედავად, 23.10.08წ. კანონის საფუველზე, მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს სახდელისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება;
2. ლ. ა-შვილი გათავისუფლდეს სახდელისაგან და საურავისაგან;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.