ბს-1316-1275(კ-08) 29 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი
2003 წლის 26 მარტს თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის, მ. ყ-სა და თ. გ-ის მიმართ, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 5 ივლისის ¹1/36 ბრძანების ბათილად ცნობის, სადავო საერთო სარგებლობის ფართზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2006 წლის 17 ნოემბერს თ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათაA გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. ბ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, თ. ბ-ის საჩივარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის ფორმით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით თ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
მითითებული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თ. ბ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით თ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება; თ. ბ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა სააპელაციო საჩივრად და აღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, თ. ბ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).”
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. თ. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222”;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.