საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1317-1276(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ თ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოსა და მცხეთის რაიონის .... კოოპერატივის მიმართ, მესამე პირი ზ. ჯ-ი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თ. ბ-მა 2006 წლის ნოემბერი სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოსა და მცხეთის რაიონის .... კოოპერატივის მიმართ, მესამე პირი ზ. ჯ-ი და მოითხოვა ზ. ჯ-ზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, სოფელ ძველი ქანდის მაღაზიის მის სახელზე გაფორმების დავალდებულება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ზემოაღნიშნული განჩინება თ. ბ-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 15 დეკემბერს.
თ. ბ-მა სასამართლოს მიერ დანიშულ ვადაში ნაწილობრივ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, მან სასმართლოს წარმოუდგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ამ ეტაპზე მას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა მისი გადავადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინება თ. ბ-ს გაეგზავნა 2008 წლის 31 დეკემბერს და ჩაჰბარდა 2009 წლის 9 იანვარს. თ. ბ-მა 2009 წლის 13 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. განმცხადებელის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის თანახმად მას და მის ოჯახს რამდენიმე ათასი კგ. ხორბალი უნდა აუნაზღაურდეთ, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით შეძლებს გადაიხადოს სასამართლოს მიერ დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობა, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 12 იანვარს გაცემული ცნობა და კასატორის მიერ წარმოდგენილი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რადგან არ ასახავს კასატორის ქონებრივ მდგომარეობას. ამდენად, კასატორმა ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თ. ბ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.