Facebook Twitter

ბს-1323_1282(კ-08) 21 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირები _ ქ. თბილისის მერია

საბინაო - სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია

დავის საგანი –საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის გადახდა.

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. კ-ემ 2007 წლის მარტში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე საფუძველზე საკომპენსაციო თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომB”საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილია საქართველოს საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელსაც იმავე დებულების მე-2 მუხლით დაევალა “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა. სასამართლომ ჩათვალა, რომ “საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი” განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კომისიის მიერ, რომელსაც დღემდე აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რადგან მხარეთა შორის მოცემული დავა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებიდან გამომდინარე, რადგანაც თვით ამ ურთიერთობათა რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები გათვალისწინებულია საჯარო კანონმდებლობით _ “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონითა და მოცემული საკითხის მომწესრიგებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების პრინციპი ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. კ-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ აქვს უფლება არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული კონკრეტული მექანიზმი დავის გადასაწყვეტად, ვინაიდან სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ანალოგიის პრინციპი.

კასატორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის თანახმად დაეკმაყოფილებინა კოოპერატიული ბინათმშენებლობიდან წარმოშობილი ვალი. სახელმწიფომ 10 წელია უკვე იკისრა ვალდებულება შიდა ვალის დაფარვის მექანიზმის შემუშავებისათვის, რაც დღემდე არ არის განხორციელებული

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. -ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ა. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.