Facebook Twitter
ბს-1328-1270(კ-09) 26 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1328-1270(კ-09) 26 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-ელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 29 სექტემბერს რ. ხ-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ პ. ო-იანის მიმართ და მოპასუხისათვის მის მიმართ მიყენებული ზიანის _ 57100 ლარისა და მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ელის სარჩელი მოპასუხე პ. ო-იანის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-ელმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით აპელანტ რ. ხ-ელის წარმომადგენლის _ ნ. ხ-ელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში თანამოპასუხედ ჩაებნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ხ-ელის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

რ. ხ-ელმა 2007 წლის 6 მარტს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით რ. ხ-ელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტი (მოსარჩელე) რ. ხ-ელი გარდაიცვალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე რ. ხ-ელის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ პ. ო-იანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, შეჩერდა საქმის წარმოება აპელანტის (მოსარჩელის) რ. ხ-ელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ამავე განჩინებით ადმინისტრაციული საქმე რ. ხ-ელის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ პ. ო-იანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება, საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. და ბ. ხ-ელებმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. და ბ. ხ-ელების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით რ. ხ-ელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ხ-ელი და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ხ-ელის (უფლებამონაცვლე ნ. ხ-ელის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება; რ. ხ-ელის (უფლებამონაცვლე ნ. ხ-ელის) სარჩელი, მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პ. ო-იანს რ. ხ-ელის უფლებამონაცვლე ნ. ხ-ელის სასარგებლოდ დაეკისრა 2300 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ელმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ხ-ელის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ელის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.