საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1333-1275(კ-09) 28 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...» დირექტორმა ნ. ს-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი შპს «...» დირექტორს _ ნ. ს-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2009 წლის 12 ნოემბერს.
შპს «...» დირექტორმა ნ. ს-ძემ 2009 წლის 13 ნოემბერს ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ შპს «...» ლუდი ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს და საბანკო ანგარიშებზე თანხა არ გააჩნია. შესაბამისად, კასატორს არ გააჩნია თანხა რომლითაც შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს _ შპს «...» საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი საპროცესო ვადა 2009 წლის 12 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო მხარის მიერ განცხადება, კონვერზე დასმული საფოსტო განყოფილების შტამპის თანახმად, საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2009 წლის 13 ნოემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შპს «...» საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს «...» საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.