¹ბს-1333-1292(კ-08) 1 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სს «...» წარმომადგენლის, რ. ლ-ურის განცხადება სს «...» სასარჩელო განცხადების გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
29.06.07წ. სს «...» მარნეულის მუნიციპალური გამგეობისა და მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების 25.05.07წ. ¹4 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების გამოცემის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე ვ. ბ-ულმა უკანონოდ აწარმოვა მშენებლობა. 19.12.06წ. სს «...» განცხადებით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას და აცნობა მის კუთვნილ ტერიტორიაზე ვ. ბ-ულის მიერ უკანონო მშენებლობის წარმოების თაობაზე. ბანკმა უკანონო ქმედების აღკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო მშენებლობის შეჩერების და არა _ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება. მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრე ვერ იყენებდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს დანიშნულებისამებრ, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა. 14.05.07წ. განმეორებით მიმართა მოპასუხეს და უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 18.02.08წ. გადაწყვეტილებით სს «...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების 25.05.07წ. ¹4 ადმინისტრაციული აქტი და მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილებას დაევალა სს «...» საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე დადგენილების მიღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ შეაფასა ისინი, კერძოდ, არ გამოითხოვა დოკუმენტები და საკადასტრო რუკა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთის, რომელზეც ვ. ბ-ულმა მშენებლობა აწარმოვა, მესაკუთრე იყო სს «...», რაც ასევე დაადასტურა მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელმა. მოპასუხეს არ გაურკვევია, ჰქონდა თუ არა მშენებლობის ნებართვა ვ. ბ-ულს და ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მოუწვევია სს «...». სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაძლოა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სს «...» მოთხოვნა მშენებლობის დემონტაჟის შესახებ. სასამართლომ მიუთითა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, არქიტეტურულ–სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენდა ქ. მარნეულში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს და უფლებამოსილი იყო გამოეცა დემონტაჟის შესახებ ადმინისტრაციული აქტი. დემონტაჟის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ მშენებლობა სათანადო ნებართვის გარეშე და სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იყო წარმოებული. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ვ. ბ-ულმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ბ-ულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 18.02.08წ. გადაწყვეტილება, სს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაეკისრა ვ. ბ-ულის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ულის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 998 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში. 28.05.04წ. სს «...» ლ. შ-ძისაგან შეიძინა 369 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში. ნაკვეთი 01.11.07წ. რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. სადავო შენობა-ნაგებობა ემიჯნება სს «...» და ვ. ბ-ულის მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია სადავო შენობა-ნაგებობა, ვ. ბ-ულს და მოპასუხეებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლ. შ-ძეს შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში. 19.12.06წ. სს «...» განცხადებით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების შესახებ. 14.05.07წ. სს «...» განმეორებით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი, რაზეც განემარტა, რომ მშენებლობა შეჩერებული იყო, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა დავა სასამართლოში. დავის დასრულების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტიოლებას შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მის მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპი. ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, ზედამხედველობის სამსახურმა მართებულად უთხრა უარი სს «...» სადავო შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...». კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინებით სს «...» საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
01.07.09წ. სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობისა და განუხილველად დატოვების შესახებ, ვინაიდან სს «...» საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აგებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მესამე პირმა, ვ. ბ-ულმა, უკვე განახორციელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა სს «...» წარმომადგენლის, რ. ლ-ურის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს სს «...» სასარჩელო განცხადება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
«საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
სს «...» წარმომადგენლმა განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხეების: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლები დაეთანხმნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე სს «...» შუამდგომლობა აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნას, რის გამოც სს «...» სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს იგი მოსარჩელეს. კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «...» წარმომადგენლის, რ. ლ-ურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. გადაწყვეტილება და მარნეულის რაიონული სასამართლოს 18.02.08წ. გადაწყვეტილება;
3. სს «...» სარჩელი მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების გამოცემის დავალდებულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
4. სს «...» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.