¹ბს-1337-1295(კ-08) 13 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 6 დეკემბერს ნ. მ-მა და გ. ჩ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს 1998-1999 წლებში მიუღებელი სახელფასო დავალიანებისა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-4; ტ. I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-სა და გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 175 ლარისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 1235 ლარის, სულ _ 1410 ლარის, ხოლო გ. ჩ-ის სასარგებლოდ – სახელფასო დავალიანების – 295,39 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 76-81; ტ. I).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 88-102; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 130-136; ტ. I).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 141-153; ტ. I).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 3-4; ტ.II).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
კასატორის მითითებით, განმარტებას საჭიროებს საკითხი რამდენად შედის ჯილდო და მატერიალური დახმარება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასის დეფინიციაში.
კასატორის მითითებით, ხელფასის შემადგენელ ელემენტად ამა თუ იმ ფინანსური გასაცემლის მიჩნევისათვის ამგვარ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გააჩნდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.2 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ამავე მუხლით განსაზღვრული ოდენობით. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის შესაბამისად, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით, ხოლო კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება დანამატს არ წარმოადგენს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენენ.
ამდენად, კასატორის მითითებით, ჯილდო და მატერიალური დახმარება არ წარმოადგენენ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მითითებით, გ. ჩ-სა და ნ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი თანხები არის 1998-2000 წლების, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართეს 2008 წელს _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
კასატორის მითითებით, ერთჯერად გასასვლელ დახმარებასთან დაკავშირებით გაცემული წერილი უფლებრივად არ არის უფლებამოსილი დაინტერესებული პირის წინაშე თავდაცვის სამინისტროს სახელით გასცეს ადმინისტრაციული დაპირება ან აღიაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში გათავისუფლებულ პირებზე გასაცემი ფულადი თანხები სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის. მითითებულ მუხლში საუბარია მხოლოდ კუთვნილ თანხებზე, იმაზე რაც სახელმწიფო დაწესებულებამ აღრიცხა ბუღალტრულად. ამასთან, თუ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 2003 წლის 31 დკემბერს შეტანილი ცვლილება ითვლება სახელმწიფოს აღიარებად, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აღიარების გაკეთების შემდეგ ხანდაზმულობის ვადა ახლიდან აითვლება, ანუ მსგავსი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეწყდა 2006 წლის 31 დეკემბერს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვარს.
კასატორის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძალებულების 331 მუხლის მოქმედების შეჩერებით კანონმდებელმა არა დროებით შეაჩერა, ან გადაავადა მითითებული მუხლით გათვალისწინებული ფულადი თანხების გაცემის ვალდებულება, არამედ გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ვალდებულების შესრულებისაგან (იხ. ს.ფ. 7-12; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.