ბს-1338-1296(კ-08) 22 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 28 მარტს ზ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ..... მოადგილის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანება 1468,46 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების გადახდის მოთხოვნით 2007 წელს არაერთხელ და 2008 წლის 21 თებერვალს მიმართა, მაგრამ 2007 წლის 26 თებერვლის ¹9/544, 2007 წლის 12 მარტის ¹9/666 და 2008 წლის 27 თებერვლის ¹9/763 წერილებით უარი ეთქვა დავალიანების ანაზღაურებაზე. ამასთან, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2008 წლის 14 მარტის ¹9/1025 წერილით კვლავ უარი ეთქვა დავალიანების ანაზღაურებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 4541,72 ლარის, მათ შორის, სახელფასო დავალიანების - 1468,46 ლარისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის საურავის - 3073,26 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზეც ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, იწყებოდა დათხოვნის დღეს, როდესაც მოსარჩელეს არ აუნაზღაურეს საბოლოო ხელფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. ასევე კვების კომპენსაციის, ჯილდოს, დანამატისა და მატერიალური დახმარების გაცემაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო და მასზეც უნდა გავრცელებულიყო ხსენებული კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 509,81 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 1998-1999 წლების მიუღებელი კვების კომპენსაციის, ჯილდოს, დანამატისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე; მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%-ის ანაზღაურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოს, დანამატისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს 1998-1999 წლების მიუღებელი კვების კომპენსაციის, ჯილდოს, დანამატისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ბ-ის 1998-1999 წლების დავალიანების, მათ შორის ჯილდოს – 379,53 ლარის, მატერიალური დახმარების – 108,64 ლარის, დანამატის 187,28 ლარის და კვების კომპენსაციის – 283, 20 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მშენებლობისა და ჯარების განთავსების სამმართველოში სამსახურის გავლის დროს წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს; საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 30 ნოემბრის ¹3-11/9418 ცნობით, ზ. ბ-ის 1998-1999 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1468,46 ლარს, მათ შორის, ხელფასი - 509,81 ლარს, ჯილდო – 379,53 ლარს, მატერიალური დახმარება - 108,64 ლარს, დანამატი – 187,28 ლარს, ხოლო კვების კომპენსაცია – 283,20 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-12 მუხლებზე, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებოდა შრომითი გასამრჯელოს გაცემის ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა თანამდებობრივი სარგო, სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი კომპენსაცია და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ხსენებული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ის მოთხოვნა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ არ იყო ხანდაზმული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 22 იანვრამდე;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. ბ-ის ხელფასის _ 509,81 ლარის, ჯილდოს – 379,53 ლარის, მატერიალური დახმარების - 108,64 ლარისა და დანამატის – 187,28 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზ. ბ-ის ხელფასის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და დანამატის ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 283,20 ლარის ზ. ბ-ის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 283,20 ლარის ზ. ბ-ის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2009 წლის 26 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. ბ-ის ხელფასის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და დანამატის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 509,81 ლარის ანაზღაურება დაეკისრა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება ზ. ბ-ის ჯილდოს – 379,53 ლარის, მატერიალური დახმარების - 108,64 ლარისა და დანამატის – 187,28 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის – 283,20 ლარის ზ. ბ-ის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს 2009 წლის 26 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე;
5. მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.