Facebook Twitter

ბს-1339-1281 (კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებაზე შპს “...” და სს “...” წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 15 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა _ ზ. გ-აიამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა: “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14-21-1 პუნქტების საფუძველზე, “თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ კომისიის 2009 წლის 10 ივნისის ¹10/1 გადაწყვეტილების დამტკიცება. სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 10 ივნისის ¹10/1 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის _ ზ. გ-აიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა კომისიის 2009 წლის 10 ივნისის ¹10/1 გადაწყვეტილებით “თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები და “თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ” კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილების “ა” ქვეპუნქტს დაემატა “ა1” ქვეპუნქტი შემდეგ რედაქციით: “ა1”) შპს “...” დავალიანების 10435822,20 (ათი მილიონ ოთხასოცდათხუთმეტი ათას რვაასოცდაორი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა და შპს “...” მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგება. განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში; მხარეებს განემარტათ, რომ კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებდა განჩინების აღსრულებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინებაზე შპს “...” და ს/ს “...” მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო ან განსჯადი სასამართლოსადმი _ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს “...” და სს “...” სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად, მიღებულ იქნა განსახილველად და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 24 ივლისს, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ვლისის განჩინებით შპს “...” და ს/ს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინება. განიმარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ, სასამართლოში წარდგენილ იქნა “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობა (ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიხედვით) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრულ განსჯადობას მოპასუხეთა ადგილმდებარეობის შესახებ.

შპს “...” და სს “...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შპს “...” და სს “...” წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა, სასარჩელო წარმოების წესით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ანუ _ საკასაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის _ საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობა, ანუ ისეთი გადაწყვეტილება (განჩინება), რომელზეც სასამართლოს მიერ განიმარტა საკასაციო საჩივრის წარდგენა. ამდენად, თუ სახეზე არ არის ამგვარი გადაწყვეტილება (განჩინება), არ არსებობს არც საკასაციო საჩივრით გასაჩივრების ობიექტი და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, საკასაციო საჩივრის შეტანით გასაჩივრებას დაქვემდებარებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარი მთლიანად ეძღვნება კერძო საჩივარს. ამ კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარით (კერძო საჩივარი) გათვალისწინებული ნორმები. კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება კერძო საჩივრის, ან მით უმეტეს, საკასაციო საჩივრის შეტანით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ საჩივრდება _ მასზე არ დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა და იგი არ საჩივრდება არც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან) ერთად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, ხსენებული განჩინებების გასაჩივრების დაუშვებლობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, შპს “...” და სს “...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებაზე შპს “...” და სს “...” წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” და სს “...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებაზე შპს “...” და სს “...” წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.