Facebook Twitter
ბს-1340-1298 (კ-08) 20 მაისი, 2009წ

ბს-1340-1298 (კ-08) 20 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 08.09.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ ა. გ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის დარღვევისათვის ა. გ-ძეზე მასზე დახარჯული თანხის _ 1820,59 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.08.2006 წლის განჩინებით საქმე განსჯადობის წესით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2006 წლის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.10.2006 წლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე _ ა. გ-ძის მიმართ, დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2006 წლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხე ა. გ-ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.12.2006 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე _ ა. გ-ძეს მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1820,50 ლარის გადახდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.12.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ძემ 831 ლარის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიის 26.06.2008 წლის გადაწყვეტილებით ა. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.12.2006 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ა. გ-ძისათვის 831 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიის 26.06.2008 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.