Facebook Twitter

ბს-1344-1302(კ-08) 22 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელე გ. ე-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993 წლიდან 2001 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2000 წლის 8 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის გამო დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება 1728,91 ლარის ოდენობით, ასევე არ მიუღია 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოების ოდენობით ერთჯერადი კომპენსაცია.

მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების გადახდის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 1728,91 ლარის, 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოების ოდენობით ერთჯერადი კომპენსაციისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 4316,11 ლარის, მათ შორის, ერთჯერადი დახმარების – 2587,2 ლარისა და სახელფასო დავალიანების – 1728,91 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყეტილებით გ. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ე-ას სასარგებლოდ დავალიანების – 4316 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც ერთჯერადი კომპენსაციის - 2587,2 ლარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ე-ას სარჩელი მოპასუხისთვის ერთჯერადი დახმარების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით გ. ე-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არასრულად დაადგინა.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე მუხლებზე, “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-17 მუხლზე, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 53-ე, 57-ე, 58-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ეხებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს; გ. ე-ას ტრავმის შედეგად ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ მოთხოვნა სახელმწიფოს ერთჯერად, პოზიტიურ კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა და გ. ე-ას სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ 2000 წლის 25 მარტის ცნობის თანახმად, გ. ე-ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიეღო ტრავმა, რის შედეგადაც დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი – შრომისუუნარო.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე და დაადგინა, რომ გ. ე-ას მოთხოვნა ტრავმის შედეგად ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ არ იყო ხანდაზმული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 22 იანვრამდე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.