ბს-1345-1303 (კ-08) 13 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» და შპს «...» (მოპასუხეები)
დავის საგანი_დავალიანების გადახდა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა_სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ 2005 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების შპს ა/კ «...» და შპს «...» მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს დაუყოვნებლივ აღსრულების წესით დაკისრებოდათ დავალიანების გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სარჩელი შპს ა/კ “...” და შპს “...” მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ა/კ “ ...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა – 1 229 085 ლარისა და 43 თეთრის გადახდა, ხოლო შპს “...” კი – 208 339 ლარისა და 42 თეთრის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ მიუთითა, რომ «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის 231-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასური წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის ან სამოქალაქო ავიაციის დარგში მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების 2 პროცენტს. ასევე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საფასური. «სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ» სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს ¹03 ბრძანებით განისაზღვრა რეგულირების საფასურს ოდენობა, რომელიც რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ჩაირიცხება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა. «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის 231 მუხლის 3-4 პუნქტებზე მითითებით კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგულირების საფასურის გადახდა წარმოებს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის მიღებამდე ან ყოველთვიურად, რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამოსილების სფეროში. სასამართლომ ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით ჩათვალა, რომ მოპასუხეებს ევალებათ რეგულირების საფასურის გადახდა სამოქალაქო ავიაციის დარგში, რის გამოც საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების გადახდის შესახებ.
პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ა/კ “...” და შპს “...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ა/კ “...” და შპს “...” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – სსიპ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეფუძნა «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის 231-ე მუხლსა და «სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ» სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს ¹03 ბრძანებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ «...» მიერ ამ აქტების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის შედეგად მიღებულ განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხი მოწესრიგებული იყო არა აღნიშნული ნორმატიული აქტებით, არამედ საქართველოს კანონით «რეგულირების საფასურის შესახებ», რომელიც ახლებურად აწესრიგებდა რეგულირების საფასურს; ხოლო «სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ» სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს ¹03 ბრძანება გაუქმდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანებით, რომელმაც სხვაგვარად მოაწესრიგა სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასური. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, სარჩელის საფუძვლისა და საგნის შეცვლა მხოლოდ მხარის პრეროგატივაა და სხვა ნორმატიული საფუძვლით განსხვავებული ოდენობის საზღაურის გადახდის თაობაზე დავის განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვის გამო სააპელაციო პალატას არ შეუძლია.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ_ ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია და არც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ყოფილა 2006 წლის 25 მაისამდე გაუქმებული. კასატორიKაზრით, სააპელაციო სასმართლომ არასაწორად განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის ¹2/14/320 განჩინება.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის “უ” პუნქტი, არამედ მას უნდა ეხელმძღვანელა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტით, რადგანაც იგი სპეციალურად არეგულირებს საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხებს. ამასთან, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებაში მითითებული გარემოებები. დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის ¹2/14/320 განჩინებით შეწყდა სამართალწარმოება საქმეზე შპს «...» საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 1 ივლისს მიღებულია საქართველოს კანონი «რეგულირების საფასურის შესახებ», რომელიც დღეისათვის მოქმედებს და შესაბამისად ახლებულად არეგულირებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სადავო საკითხებს; საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ დროისათვის არსებობს კანონპროექტი, სადაც «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის სადავო 231 –ე მუხლი მთლიანად ამოღებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად სადავო აქტი გაუქმებული არ არის, დღეისათვის იგი მოქმედ ნორმად არ ჩაითვლება, ვინაიდან მის მიერ დარეგულირებული საკითხი ახალი კანონით იქნა მოწესრიგებული; ხოლო «სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ» საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს ¹3 ბრძანების თაობაზე კი საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის ¹4 ბრძანებით გაუქმებულია. ყოველივე ამის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ისე დააფუძნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებაში მითითებულ გარემოებებზე, რომ არ გამოიკვლია და ყურადღება არ მიაქცია კონკრეტულად რომელი პერიოდისათვის ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეებისათვის რეგულირების საფასურის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველად მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ შპს ა/კ «...» რეგულირების საფასურის ყოველთვიურად გადახდის დაკისრება 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შპს «...» მის სასარგებლოდ რეგულირების საფასურის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე; ხოლო შემდგომ კი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა (ს.ფ.65-66). ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთის მხრივ უნდა დაეზუსტებინა, თუ რა პერიოდს მოიცავს მოპასუხეთა მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ, მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეემოწმებინა სწორედ ამ პერიოდში მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონს 2004 წლის 30 ივნისს დაემატა 231-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგულირების საფასური არის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის ან სამოქალაქო ავიაციის დარგში მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 2 პროცენტს. ადმინისტრაციას უფლება აქვს ნორმატიული აქტით დაადგინოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საფასური. მართალია ზემოაღნიშნული ნორმა გაუქმდა 2006 წლის 1 ივნისიდან; ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის ¹2/14320 განჩინებაში მითითებული საქართველოს კანონი «რეგულირების საფასურის შესახებ» მიღებულ იქნა 2005 წლის 1 ივლისს, რომლის მე-5 მუხლი ეხება რეგულირების საფასურის ოდენობას და სტრუქტურას. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტს; ამ ნორმაში 2007 წლის 5 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილება და 2008 წლის 1 იანვრიდან იგი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდა: რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეემოწმებინა სწორედ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად; საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას დასახელებული აქტების საფუძველზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლისა და საგნის შეცვლა მხარის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი; ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამ ნორმის თანახმად მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივაა; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა; ხოლო სასამართლოს შეუძლია მოსარჩელეს მიაკუთვნოს იმაზე ნაკლები, ვიდრე იგი მოითხოვდა; საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სარჩელის საგანი წარმოადგენს სარჩელის ერთ-ერთ ელემენტს, ხოლო სარჩელის მეორე ელემენტია სარჩელის საფუძველი. თავის მხრივ, სარჩელის საფუძველი შედგება ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო «თ» ქვეპუნქტის თანახმად კი სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; მაგრამ იმავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის «თ» და «ი» ქვეპუნქტებისა, ასევე მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) და 179-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევის ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამ ნორმის შინაარსით ირკვევა, რომ სარჩელის სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მითითება. ამდენად, მოსარჩელეს არ ევალება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიული კვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ არის ვალდებული სარჩელში ზუსტად და კონკრეტულად მიუთითოს ის კანონები, რომელსაც ეფუძნება მისი მოთხოვნა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.