Facebook Twitter

ბს-1350-1308(კ-08) 22 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიკა ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 11 ივნისს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 2 ივნისის ¹194-კ ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ადმინისტრაციული სამმართველოს საქმისწარმოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 16 აპრილის ¹3435-პ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ ხსენებული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი იყო. ამდენად, საქართველოს ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ იყო უფლებამოსილი, ბავშვის 3 წლამდე აღზრდის პერიოდში მოსარჩელე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა შტატების შემცირების საფუძვლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 16 აპრილის ¹3435-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. კ-ემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 16 აპრილის ¹3435-პ ბრძანება მ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მ. კ-ეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე სახელფასო განაცდური აუნაზღაურდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეზე არ უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება, რადგან იმ მოსამსახურეთა კატეგორია, რომელთა გათავისუფლებაც არ შეიძლებოდა, განსაზღვრული იყო “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 13 აპრილის ¹346 ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეორგანიზაციისას არ გამოიყენებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და ატესტაციის შედეგები შეიძლებოდა არ ყოფილიყო გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენდა საჯარო მოხელის შრომის უფლებების დაცვის გარანტიებს და ამ უფლებების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. ერთ-ერთ ასეთ გარანტიას განეკუთვნებოდა ცალკეულ შემთხვევებში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვის დაწესება. აღნიშნული კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების და ატესტაციის შედეგების გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, ამავე მუხლის მეორე პუნქტი, რომელზეც აპელირებდა მხარე, ადგენდა იმ შემთხვევას, როდესაც არ შეიძლება მოსამსახურის გათავისუფლება ნამსახურობის ვადის გასვლის საფუძველზე, რაც ვერ გავრცელდებოდა მოცემულ შემთხვევაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ, როდესაც სპეციალური კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული 3 წლამდე ბავშვის აღზრდის პერიოდში მოხელის (ქალის) სამსახურთან ურთიერთობის პირობები, გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მეორე პუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 22 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.