ბს-1352-1310(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. თ-ემ 10.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მისი სამოსამართლო უფლებამოსილების გასვლის დროიდან _ 2004 წლის 22 დეკემბრიდან იმ სამართალურთიერთობის სუბიექტად ცნობა, რასაც ითვალისწინებდა 02.01.03წ. ამოქმედებული და მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის დროისათვის მოქმედი «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლი. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 2007 წლის 5 იანვრიდან (პენსიის/კომპენსაციის მოთხოვნის დღიდან) სამისდღეშიო პენსიის/კომპენსაციის სახით 500 (ხუთასი) ლარის დანიშვნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. თ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ემ, რომელმაც მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.07წ. განჩინებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.07წ. გადაწყვეტილება და საქმე დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ა. თ-ემ 24.03.08წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) 28.03.07წ. ¹მ-05/05-2912, 23.04.07წ. ¹მ-02დმ/07-3577 და 17.05.07წ. ¹მ-04/05-4489 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების გასვლის დროიდან _ 2004 წლის 22 დეკემბრიდან იმ სამართალურთიერთობის სუბიექტად ცნობა, რასაც ითვალისწინებდა 02.01.03წ. ამოქმედებული და მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის დროისათვის მოქმედი «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლი, დადგენა იმისა, რომ მან განცხადებითა და თანდართული სათანადო დოკუმენტებით, პენსიის/კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მოპასუხე ორგანიზაციას მიმართა 05.01.07წ და არა 20.02.07წ., როგორც ამას მოპასუხე მიიჩნევდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.08წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. თ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.08წ. განჩინებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.08წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.