Facebook Twitter
ბს-1354-1312(კ-08)

ბს-1354-1312(კ-08) 12 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სსდომია მდივანი – გულნარა ილინა

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ., შ. და გ. წ-იანები (მოსარჩელეები)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. წ-იანმა, შ. წ-იანმა და გ. წ-იანმა 2008 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ლ. წ-იანის, შ. წ-იანის და გ. წ-იანის სასარჩელო განცხადება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა შ. წ-იანის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებების– 1921,47 ლარის, გ. წ-იანის სასარგებლოდ – 638,26 ლარისა და ლ. წ-იანის სასარგებლოდ – 1984,16 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელეები ნამდვილად მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მათ მიმართ გაუცემელი სახელფასო დავალიანება შეადგენს გ. წ-იანის მიმართ 638,36 ლარს, ლ. წ-იანის მიმართ 1984,16 ლარს და შ. წ-იანის მიმართ 1921,47 ლარს, რაც დასტურდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების 2008 წლის 22 თებერვლის ¹297, ¹298 და ¹299 ცნობებით.

საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი; ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო მართვის დეპარტამენტის 2005 წლის 1 თებერვლის ¹9/195 წერილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 11 დეკემბრის ¹1844, ¹1845 ცნობები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 27 დეკემბრის ¹2068 ცნობა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების 2008 წლის 22 თებერვლის ¹297, ¹298 და ¹299 ცნობები მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის წერილებია.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს აღიარებას, რადგან მასში მითითებულია, რომ დავალიანება მოსარჩელეების მიმართ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი წყაროების არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია.

2009 წლის 29 აპრილს საკასაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსარჩელე ლ. წ-იანის გარდაცვალების მოწმობა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით ლ. წ-იანის უფლებამონაცვლის დადგენამდე, ლ. წ-იანის ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომელმაც უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება შ. წ-იანის სასარგებლოდ 1921,47 ლარის, გ. წ-იანის სასარგებლოდ 638,36 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2009 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა ლ. წ-იანის მეუღლემ – მ. ა-ბამ, რომელმაც წარადგინა 2009 წლის 31 ივლისის სამკვიდრო მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და მოითხოვა ლ. წ-იანის უფლებამონაცვლედ ცნობა და ლ. წ-იანის ნაწილში საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბერის განჩინებით ლ. წ-იანის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ა-ბა; ლ. წ-იანის ნაწილში სახელფასო დავალიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომელმაც უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება ლ. წ-იანის სასარგებლოდ 1984,16 ლარის გადახდის ანაზღაურების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ლ. წ-იანი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მის მიმართ გაუცემელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 1984,16 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო მართვის დეპარტამენტის 2005 წლის 1 თებერვლის ¹9/195 წერილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 11 დეკემბრის ¹1844 ცნობა; ასევე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების 2008 წლის 22 თებერვლის ¹298 წერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიმართ საფინანსო სამსახურში არსებული გასაცემი დავალიანება შეადგენს 1984,16 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო მართვის დეპარტამენტის 2005 წლის 1 თებერვლის ¹9/195 წერილი წარმოადგენს აღიარებას, რადგან მასში მითითებულია, რომ ლ., შ. და გ. წ-იანების მიმართ დავალიანებები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი წყაროების არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება მათ მიმართ დავალიანებების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობები და წერილები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით აღიარა ლ. წ-იანის მიმართ არსებული დავალიანებების არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომელმაც უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება ლ. წ-იანის სასარგებლოდ 1984,16 ლარის გადახდის ანაზღაურების ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.