ბს-1360-1299(კ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. ა-ძის სარჩელის გამო საქართველოს პარლამენტის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2009 წლის 12 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1360-1299(კ-09) საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 391.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი მოთხოვნით. სსსკ-ის 11.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, ასევე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ.
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წილს 6 ივლისს განიხილა ვ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წილს 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე და სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ვ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის X_XI_XII თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხის _ 765 ლარის ანაზღაურება დაქვითვის გათვალისწინებით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ბინის ქირისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. საქმის მასალების თანახმად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-ძემ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ვ. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. შესაბამისად, სსსკ-ის 264.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება 2003 წლის X_XI_XII თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხის _ 765 ლარის ანაზღაურება შესულია კანონიერ ძალაში. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვს მთლიანად, საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ კასატორი არ ეთანხმება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დაუშვებელია, რადგან მოსარჩელე ვ. ა-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რადგან ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ეთქვა უარი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება ჰქონდა ვ. ა-ძეს, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია და არა საქართველოს პარლამენტს, რადგან განჩინება გამოტანილია მის სასარგებლოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან არ არსებობს მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.