ბს-1360-1318(კ-08) 6 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქალაქ თბილისის მერია (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...” (მოსარჩელე)
მოპასუხე _ ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ თანხის გადახდის დაკისრება და ხელშეკრულების დამატების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,...” 2005 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურისა და მესამე პირის ქალაქ თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან ძირითადი დავალიანების _ 137574 ლარის ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტის გადახდა.
ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა 2006 წლის მაისში შეგებებული სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა 2004 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაში 2004 წლის 16 ნოემბერს შეტანილი დამატების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,...” სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მერიის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს შპს ,,...” სასარგებლოდ დაეკისრა 137 574 ლარის გადახდა; მოსარჩელე შპს ,,...” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტის გადახდის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2,5%-ის გათვალისწინებით და ადვოკატის ხარჯების 4%-ის გათვალისწინებით დაკისრებაზე; მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 25 ოქტომბერს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის თანახმად დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელე შპს “...” და მოპასუხე ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის საქალაქო სამსახურს შორის თხევადი საღუმელე საწვავის მიწოდებაზე. განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები და ანგარიშსწორების წესი; ხელშეკრულების 11.3 მუხლის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდას, ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესებას, დაუშვებელია, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ნებისმიერი პირობების ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად; ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების ვადაა საქონლის მიწოდებიდან არაუგვიანეს 45 დღე. ანგარიშსწორებისას მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ანგარიშ-ფაქტურა; მე-7 მუხლის თანახმად, ფასების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, საგარეო და საშინაო ბაზარზე საწვავზეE ფასების 5%-ით ცვალებადობის შემთხვევაში, რისთვისაც გამოყენებული იქნება საერთაშორისო სავაჭრო ინდიკატორი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 16 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულების დამატება, რომლის თანახმად 2004 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ერთი ლიტრი თხევადი საღუმელე საწვავის ფასი გაიზარდა 0.98 ლარიდან 1.09 ლარამდე. მოცემული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, 2004 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობა ძალაში რჩება, დამატებითი ხელშეკრულების თანახმად, ეს დამატება წარმოადგენს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის (მიმწოდებლის) მიერ მოპასუხეზე (შემსყიდველზე) 2004 წლის 25 ოქტომბრიდან მიწოდებულია 1407133 ლიტრი საწვავი, ღირებული 1516382 ლარად; მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მიწოდებული საღუმელე საწვავის ნაწილის ღირებულება, კერძოდ, 1378808 ლარი, ხოლო 137574 ლარი მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები და ჩათვალა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია რა მიწოდებული საღუმელე საწვავის ღირებულების ნაწილი, 137574 ლარი, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია.
სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ვადაგადაცილებული, თვეში 2.5%-ს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების, ასევე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პროცენტის დაკისრებას ითვალისწინებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, არც ხელშეკრულებით და არც კანონით აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევის გამო პროცენტის დაკისრება გათვალისწინებული არ არის; სსსკ 47-ე მუხლი ითვალისწინებს ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო სალაროდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსის 44-ე მუხლის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული, ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები სახელმწიფოს სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსარჩელისათვის არ დაუნიშნავს ადვოკატი, რომლისთვისაც გადახდილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს დაეკისრებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელი 2004 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულების დამატების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქმეს ერთვის 2004 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულების დამატება, რომლის თანახმად ქვეყნის შიდა ბაზარზე საწვავის ფასების ცვლილების გამო მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებაზე, რომლის თანახმად თხევადი საღუმელე საწვავის ფასი გაიზარდა 0.98 ლარიდან 1.09 ლარამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, გარიგების მონაწილე მხარისათვის, კერძოდ, მოპასუხისათვის, იმთავითვე ცნობილი იყო 2004 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულების დამატების შინაარსი და საგანი, რაზედაც მან გამოთქვა თანხმობა და რაც მოპასუხის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასტურდება. ამდენად, მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2004 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო, პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, საფუძველს მოკლებულია, რადგან მოპასუხეს ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ იგი თანახმა იყო, მიეღო მიწოდებული საღუმელე საწვავი 1.09 ლარად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისი მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისი მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2004 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, ანაზღაურებულ იქნა 1378808 ლარი, რაც წარმოადგენს 1407133 ლიტრი თხევადი საღუმელე საწვავის L-40-ს ღირებულებას; კასატორი თვლის, რომ დამატებით თანხის გადახდის ვალდებულება წარმოშვა 2004 წლის 16 ნოემბრის დამატებამ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდო 2004 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1. მუხლის შესაბამისად; ეს მუხლი კი ითვალისწინებდა ფასების ცვლილებას მხოლოდ საგარეო და შიდა ბაზარზე საწვავზე ფასების 5%-ით ცვალებადობის შემთხვევაში, (როგორც ზრდის, ასევე შემცირების), რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა საერთაშორისო სავაჭრო ინდიკატორის PLAთთშ EUღOPEAN MAღKEთშჩAN-ის ფობ მედ (იტალყ) ჩIF Mედ Gენოვა/ლავერა) მონაცემები (კოტირებები) შესაბამისი საწვავის სახეობაზე ამ ხელშეკრულების დადების თარიღსა და მოწოდების მომენტისათვის არსებული კოტირების, განსხვავების შედარებით. კასატორის განმარტებით, შპს “...” ჯგუფმა თავის დროზე მერიის შესაბამის სამსახურს მართლაც წარუდგინა დოკუმენტი, სადაც 2004 წლის ნოემბრის თვეში ფასების ცვალებადობა აშკარა იყო, მაგრამ კასატორის მოსაზრებით, ეს დოკუმენტი წარმოადგენდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თხევადი საღუმელე საწვავის L-40-ის ფასების ზრდის დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ უფრო მაღალი ხარისხის საავტომობილო დიზელზე - L-62-ზე ფასების მატების დამადასტურებელ დოკუმენტს. მიუხედავად ამისა, მერიის უწყების ხელმძღვანელმა ნ. ჩ-ავამ ხელი მოაწერა ხელშეკრულების დამატებას, სადაც ლიტრ საწვავზე 0.98 ლარის ნაცვლად განსაზღვრული იყო 1.09 ლარი. კასატორი მიუთითებს, რომ ნ. ჩ-ავამ არ იცოდა, რომ ფასების მატების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა შპს “...”-ს ჯგუფმა და რომელიც გახდა ხელშეკრულების დამატების ერთადერთი საფუძველი, წარმოადგენდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თხევადი საღუმელე საწვავის L-40-ის ფასების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ უფრო მაღალი ხარისხის საავტომობილო დიზელზე L-62-ზე ფასების მატების დამადასტურებელ დოკუმენტს.
კასატორი თვლის, რომ ნ. ჩ-ავა გარიგების დადების მიზნით შეცდომაში შეიყვანეს, რადგან იმთავითვე ცხადია გარიგება არ შედგებოდა, ზუსტად რომ ყოფილიყო გარკვეული რომელი ტიპის საწვავზე იყო საუბარი, ხოლო სამსახურის ხელმძღვანელი ამის გამჟღავნებას კეთილსინდისიერად ელოდებოდა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-82 მუხლების თანახმად ამგვარი გარიგება ბათილად გარიგებათა რიცხვს განეკუთვნება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რა მტკიცებულებები იქნა გამოყენებული იმის დამადასტურებლად, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია 137574 ლარი.
კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო პირობების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერ ცვლილებას, რასაც მოჰყვება ხელშეკრულებაში ფასის ზრდა ან შესყიდველისათვის პირობების გაუარესება, თუკი ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. კასატორი აღნიშნავს, რომ მომწოდებლის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობის მიხედვით L-40 ხარისხის დიზელის საწვავის მიღება ხდებოდა ქართული ნავთობის ადგილზე გადამუშავებით, რაც ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა არ წარმოადგენდა პროდუქციის ღირებულების გაზრდის ობიექტურ გარემოებას, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულს არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ფასზე და შესაბამისად იგი არ უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დამატების გაფორმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურსა (შემდგომში “შემსყიდველი”) და შპს “...” (შემდგომში “მიმწოდებელი”) შორის 2004 წლის 25 ოქტომბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება; ამ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი 2004-2005 წლების ზამთრის სეზონისათვის სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებებისათვის საჭირო თხევადი საღუმელე საწვავის შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება თხევადი საღუმელე საწვავის მიწოდებაზე; ერთი ლიტრი თხევადი საღუმელე საწვავის ღირებულება განისაზღვრა 0,98 ლარი, ნედლეულის ღირებულების, დასაწყობების, ტრანსპორტირებისა და შესაბამისი თანმდევი მომსახურების გათვალისწინებით. მოცემული ხელშეკრულების საერთო პირობების 11.3 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 11.4 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
სფ.-15-ზე წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურსა და შპს “...” შორის თხევადი საღუმელე საწვავის შესყიდვაზე 2004 წლის 25 ოქტომბერს ხელმოწერილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დამატება, რომელიც გაფორმდა 2004 წლის 16 ნოემბერს. ხელშეკრულების 2004 წლის 16 ნოემბრის დამატებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურსა და შპს “...” შორის თხევადი საღუმელე საწვავის შესყიდვაზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იქნა 1 ლიტრი თხევადი საღუმელე საწვავის ფასი 0,98 ლარი. ქვეყნის შიდა ბაზარზე საწვავის ფასის 12-15%-ით გაზრდის გამო წარმოიშვა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საწვავის ფასის ცვლილებების აუცილებლობა; მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შემდეგ დამატებაზე: ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურსა და შპს “...” შორის 2004 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 1 ლიტრი თხევადი საღუმელე საწვავის ფასი გაიზარდა 0.98 ლარიდან 1,09 ლარამდე. 2004 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა ძალაში დარჩა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა _ 2004 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების 2004 წლის 16 ნოემბრის დამატების ბათილად ცნობის შესახებ_ ძირითადად დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დამატება გაფორმდა 2004 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების 7.1 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური პირობების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებას მხოლოდ საგარეო და შიდა ბაზარზე საწვავზე ფასების 5%-ით ცვალებადობის შემთხვევაში. შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ შპს “...” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ნოემბერში ფასების ცვალებადობა აშკარა იყო, თუმცა ეს დოკუმენტი წარმოადგენდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თხევადი საღუმელე საწვავის Lლ40-ის ფასების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ მაღალი ხარისხის საავტომობილო დიზელზე_L62-ზე ფასების მატების დამადასტურებელ დოკუმენტს; იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ უწყების იმჟამინდელი ხელმძღვანელი გარიგების დადების მიზნით შეცდომაში იქნა შეყვანილი, რადგან იმთავითვე ცხადია, გარიგება არ შედგებოდა, თუ ზუსტად იქნებოდა გარკვეული რომელი ტიპის საწვავზე იყო საუბარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა იმის თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების საგანი და შეთანხმდნენ თუ არა მხარეები აღნიშნული პირობის შეცვლაზე, ვინაიდან ხელშეკრულების არსებითი პირობა შეთანხმებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მხარეთა ნების გამოვლენა ამ პირობაზე ემთხვეოდეს ერთმანეთს. სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, ფასების ზრდა შეეხო თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თხევადი საღუმელე საწვავს_ L-40-ს; საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებაზე, რომ მათ მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტი იმის შესახებ, საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი როგორ გაიზარდა და არა კონკრეტულად L-40-ზე ან L-62 საწვავზე (სფ. 87).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის 2006 წლის 23 ივნისის ¹23 წერილი შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს; თუმცა არ დაასაბუთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის დიზელის საწვავი მიიღებოდა თუ არა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც განაპირობა ხელშეკრულების საგნის შეცვლის აუცილებლობა; საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2006 წლის 14 ივნისს სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე იმის შესახებ, რომ ტენდერზე წარდგენილი იქნა L-40 საწვავი, რომელიც არის მხოლოდ ადგილობრივი წარმოების საწვავი; ხოლო იმის გამო, რომ ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში ადგილობრივი საწვავი აღარ არსებობდა, ამიტომ იქნა წინადადება მიწოდებული მოპასუხისათვის L-62 საწვავზე (სფ.85). საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს სფ.90-ზე წარდგენილ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის მოადგილის 2006 წლის 23 ივნისის ¹7-10-4/044 წერილზე ქ. თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მიმართ; ამ წერილში აღნიშნულია, რომ საწარმოებიდან მიღებული ანგარიშების მიხედვით 2004 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში დიზელის საწვავი L-40 მიღებულ იქნა შემდეგ ლიცენზირებულ საწარმოებში: შპს “...” 218,51 ტონა, შპს “...”-2219 ტ, შპს “..._573ტ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ შეაფასა საქმის მასალებთან ერთობლიობაში და არ მისცა მათ სათანადო შეფასება, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.