ბს-1086-1048(კ-08) 01 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
ნინო გოგატიშვილის მდივნობით
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
კასატორი _ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე),
წარმომადგენელი ი. ჯ-ა (რწმუნებულება 02.06.2009წ., #333)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჯ-ე, წარმომადგენელი
ა. თ-ი (რწმუნებულება 02.09.08წ., #1-3989)
მესამე პირი _ გ. ბ-ე
დავის საგანი _ ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2008 წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.03.08წ. წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჟ-ემ, მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ. მოსარჩელემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 12.02.08წ. #35 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. წყალტუბოში, ... მე-2 ჩიხი, #1/8 საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ ცნობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ფართის მოსარჩელის სახელზე პრივატიზების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წყალტუბოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 28.02.91წ. #107 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. წყალტუბოს ზონის აგროსამრეწველო გაერთიანების საბინაო პირობების გასაუმჯობესებელი მუშა-მოსამსახურეთა აღრიცხვის სია, ფორმა #4, სადაც მითითებული იყო მისი მეუღლე _ აწ/გარდაცვლილი ნ. კ-ი, ოჯახის წევრებთან ერთად. გამგეობის 25.05.93წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებულ პირობებგასაუმჯობესებელ პირთა სიაში ნ. კ-ი ოჯახთან ერთად აღრიცხული იყო მე-7 ნომრად. 1991 წლიდან 9 ბინიან საცხოვრებელ საუწყებო ბინაში დაკავებული აქვს ოთხოთახიანი ბინა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 01.02.08წ. განცხადებით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ. წყალტუბოში, ... მე-2 ჩიხი #1/8-ში საცხოვრებელი ფართის მისთვის, როგორც კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოსცა ბრძანება და მოახდინა საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია სხვა პირზე, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართს მოსარჩელე 17 წლის განმავლობაში ფლობს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 28.05.08წ. განჩინებით, ასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გ. ბ-ეE ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.07.08წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 12.02.08წ. #35 ბრძანების მომზადებისა და გამოცემის დროს არსებითად არ დარღვეულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასმელი წყლისა და საკანალიზაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ წარმოადგენდა რაიმე სახის სამართლებრივი ძალის მქონე მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გასაჩივრებული აქტის ბათილობას. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ ნივთის მფლობელობის გამო მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნა, რადგანაც მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებული იყო მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ და ეს წესი არ გამოიყენებოდა უძრავი ნივთების მიმართ, რომელთა მესაკუთრე საჯარო რეესტრის ჩანაწერით დგინდება. სასამართლომ განმარტა, რომ კეთილსინდისიერი მფლობელობა სახეზე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ნივთს მართლზომიერად შეიძენდა კანონით დადგენილი წესით და არა თვითნებურად. სასამართლომ მიუთითა, რომ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სადავო ფართის კეთილსინდისიერად ფლობის ფაქტს, გ. ჯ-ემ ვერ წარმოადგინა, მოსარჩელემ კანონით დადგენილ მოთხოვნათა უგულვებელყოფით, თვითნებურად დაიკავა სადავო საცხოვრებელი ფართი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.07.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.09.08წ. გადაწყვეტილებით გ. ჯანელიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.07.08წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 12.02.08წ. ბრძანება გ. ბ-ისათვის ქ. წყალტუბოში, ... მე-2 ჩიხი, #1/8-ში მდებარე ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, გ. ჯ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 29.12.07წ. განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და განმარტა, რომ მის სარგებლობაში იყო ქ. წყალტუბოში, ... მე-2 ჩიხი, #1-ში მდებარე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მესამე სართულზე. განმცხადებელმა ბინის უსასყიდლოდ გადაცემა მოითხოვა. გ. ბ-ემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას კანონიერი სარგებლობის დასადასტურებლად წარუდგინა წყალტუბოს გამგეობის 01.08.95წ. #30 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, გ. ბ-ეს გამოეყო ოთხოთახიანი ბინა წყალტუბოში, …, აგროსამრეწველო კომიტეტის ბალანსზე არსებულ ბინაში. მითითებული გადაწყვეტილებით გამგეობამ დაამტკიცა ქ. წყალტუბოს აგროსამრეწველო სამმართველოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 28.07.95 წ. ერთობლივი სხდომის დადგენილებებით წარმოდგენილი ოქმი … ცხრაბინიან საუწყებო საცხოვრებელ სახლში ბინების განაწილების თაობაზე და თანდართული ფორმა #5 საბინაო პირობებგასაუმჯობესებელი სამი მოქალაქის ამავე საცხოვრებელ სახლში ბინით დაკმაყოფილების შესახებ, ქალაქის გამგეობის საბინაო სექტორს დაევალა ორდერების გამოწერა პირველი პარაგრაფით დამტკიცებული ფორმა #5-ის მიხედვით, სამი მოქალაქის, მათ შორის გ. ბ-თვის. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 12.02.08წ. #35 ბრძანებით ქ. წყალტუბოში, .... მე-2 ჩიხი #1/8-ში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი (63,4 კვ.მ) და არასაცხოვრებელი (33,5 კვ.მ) ფართობი (სულ 96,9 კვ.მ) უსასყიდლოდ გადაეცა გ. ბ-ეს. ქ. წყალტუბოს ზონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირთა სიის შესაბამისად, ნ. კ-ი, თავის ოჯახთან ერთად, შეყვანილ იქნა ბინის პირობებგასაუმჯობესებელ პირთა სიაში. სოფლის მეურნეობის სამმართველოს პროფკავშირის 25.02.1995წ. საერთო კრების #5 ოქმით ნ. ვ. კ-ი დატოვებულ იქნა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე ძველი სამუშაო ადგილის მიხედვით. წყალტუბოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის #107 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქალაქ წყალტუბოს ზონის აგროსამრეწველო გაერთიანების ადმინისტრაციის საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მუშა-მოსამსახურეთა აღრიცხვის სია. დადგენილად იქნა ცნობილი აგრეთვე, რომ გ. ჯ-ე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჯ-ე წლების განმავლობაში ცხოვრობს (იხდის კომუნალურ გადასახადს) სადავო ბინაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ჯ-ე არის დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღვრის უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ `კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არსაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07 #73 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში. ამავე დებულების 2.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ მოსარგებლედ პირის მიჩნევისათვის პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს ფართობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ. ბ-ე სარგებლობდა სადავო ფართით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამხავილა იმ გარემოებაზე, რომ გამგეობის 01.08.1995წ. #30 გადაწყვეტილებით ბინა გამოეყო არა გ. ბ-ეს, არამედ გ. ბ-ს, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ აღნიშნული შეიძლება იყოს ტექნიკური უზუსტობაც. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა სახელდობრ რომელი ბინა გამოეყო გ. ბ-ეს (ბ-ეს), არის თუ არა გამოყოფილი ბინა ის ბინა, რომელშიც ცხოვრობს გ. ჯ-ე ოჯახთან ერთად. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმა #5. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საბინაო სექტორის მიერ გადაწყვეტილებით დავალებული ბინის ორდერი არ გაცემულა, გადაწყვეტილების მიხედვით გ. ბ-ისათვის გაცემულია ოთხოთახიანი ბინა, ხოლო წარმოდგენილი ნახაზით და გ. ჯ-ის განმარტებით დასტურდება, რომ სადავო ბინა არის სამოთახიანი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გ. ჯ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მის მიერ სადავო ბინის ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, მაგრამ აპელანტმა ვერ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07 #73 ბრძანებულებით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). მხოლოდ ბინის გასაუმჯობესებელ პირთა სიაში შეყვანა სასამართლომ ბინის უსასყიდლოდ გადაცემის საფუძვლად არ მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.09.08წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმე განხილული იქნა საპროცესო ნორმების დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემეობანი. კასატორი საპროცესო ნორმების დარღვევად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმეში მესამე პირად ჩართული გ. ბ-ის დასწრების გარეშე მაშინ, როდესაც სასამართლოში წარმოდგენილი იყო განცხადება და სამედიცინო ცნობა მისი ავადმყოფობის გამო სხდომის გადადების თაობაზე, სასამართლო ვალდებული იყო სსკ 281-ე მუხლის `ე~ ქვეპუნქტის საფუძველზე მიეღო განჩინება საქმის შეჩერების თაობაზე. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული გ. ბ-ის საპროცესო სტატუსი, იგი, როგორც ამჟამად ბინის მესაკუთრე, საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო არა სსკ-ის 89-ე მუხლის, არამედ ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე. კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად კასატორი მიუთითებს სსკ-ის 394-ე მუხლის `ე~ და `ე1~ ქვეპუნქტებს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გ. ბ-ის მიერ ბინით სარგებლობისა და ორდერის გაცემის შეუძლებლობის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა განმარტებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო ბინის ოთახების რაოდენობასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ჯ-ე დღეისათვის ქ. წყალტუბოში ცხოვრობს მარტო და მის საკუთრებაში იმყოფება ბინა მდებარე ... ქ. #24/29. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ გაერკვა სააპელაციო მოთხოვნის არსში, ვინაიდან აპელანტის მიერ მოთხოვილი იქნა გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიის 06.02.2008 წ. #154 დასკვნის ბათილობაც, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია.
სააპელაციო სასამართლოს 06.05.2009 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა _ ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა დააზუსტა საკასაციო განაცხადი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.09.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და გ. ჯ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარე გ. ჯ-ემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მესამე პირი – გ. ბ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო ფართზე მოსარჩელის უფლებას არ ადასტურებს მისი მეუღლის, აწ/ გარდაცვლილი (21.11.04წ.) ნ. კ-ის საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მუშა-მოსამსახურეთა აღრიცხვის სიაში ყოფნა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ წყალტუბოს საკრებულოს გამგეობის 25.05.93წ. გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. წყალტუბოს ზონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მუშა-მოსამსახურეთა აღრიცხვის სია, ფორმა #4, რომლის თანახმად, პირობებგასაუმჯობესებელ მუშა-მოსამსახურეთა აღრიცხვის სიაში მე-6 ნომრად აღრიცხულია გ. ბ-ე, ოჯახთან ერთად, ხოლო მე-7 ნომრად ნ. კ-ი, ოჯახთან ერთად. “ქ. წყალტუბოს აგროსამრეწველო სამმართველოს საუწყებო ცხრაბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების განაწილების შესახებ” გამგეობის 01.08.95წ. #30 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. წყალტუბოს აგროსამრეწველო სამმართველოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 28.07.1995წ. ერთობლივი სხდომის ოქმი … არსებული საუწყებო ცხრაბინიანი საცხოვრებელი სახლის განაწილების თაობაზე და თანდართული ფორმა #5. გამგეობის ხსენებული გადაწყეტილების ტექსტის მიხედვით ოთხოთახიანი ბინა გამოეყო გ. ჭ. ბ-ეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სამმართველოში იურიდიული ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, 1989წ. დაინიშნა მოსამართლედ, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით და “საქართველოს რესპუბლიკის მოსამართლის სტატუსის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად ექვემდებარებოდა საბინაო პირობების გაუმჯობესებას. ამავე გადაწყვეტილებით მითითება მიეცა შესაბამის ორგანოებს 1991 წელს და შემდგომ წლებში საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეჭრილი პირების გამოსახლების საკითხის დროულად გადასაწყვეტად. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 12.02.08წ. #35 სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 652 მუხლი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 14.02.07წ. #80 ბრძანებით შექმნილი კომისიის 06.02.08წ. #154 დასკვნა, გამგეობის 01.08.95წ. #30 გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 01.08.95წ. #30 გადაწყვეტილება საცხოვრებელი სადგომის სარგებლობაში გადაცემის შესახებ არის მმართველობის კოლეგიალური ორგანოს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოშობს სადგომის სარგებლობისათვის გადაცემის და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას. ქ. წყალტუბოს გამგეობის 01.08.95წ. #30 გადაწყვეტილება ძალაშია და არ გაუქმებულა. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულებით დამტკიცებული `კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის~ მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი აღმასრულებელი ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ფართობის კანონიერ სარგებლობაში ქონის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სადავო ფართს გ. ბ-ე არ ფლობს მოსარჩელის არამართლზომიერი განგრძობადი მოქმედების – ფართის თვითნებური, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავების გამო, გამგეობის სადავო აქტის გაუქმების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მიხედვით ფართის სარგებლობის უფლებასთან ერთად საჭიროა ფართის ფლობა. მოსარჩელის არამართლზომიერი მოქმედება-ფართის კანონიერი საფუძველს გარეშე დაკავება, არ წარმოადგენდეს გ. ბ-ისათვის ბინის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებას. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი არ უკავშირებს მფლობელობას უძრავი ნივთის ხელთმპყრობას, გ. ჯ-ის მიერ ბინის ფლობის ფაქტი გ. ბ-ის მიერ სადავო ბინით სარგებლობის გამომრიცხავ გარემოებას შექმნიდა გ. ბ-ის ბრალით ფართის მფლობელობაში არ მიღების ან მფლობელობიდან გასვლის, უძრავი ქონების მიტოვების შემთხვევაში. ამასთანავე, მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი და არა უძრავი ნოვთების მიმართ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გ. ჯ-ის მიერ ბინის სამართლებრივი საფუძველის გარეშე ფლობა, კომუნალური გადასახადების გადახდა არ წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გ. ჯ-ის მოთხოვნა სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის, ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალების მოთხოვნა, მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ფართს ფლობს რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით გაურკვეველი რჩება და დაზუსტებას საჭიროებს ის თუ რა უფლება ან პატივსადები ინტერესი დაერღვა მოსარჩელეს საცხოვრებელ სადგომზე გამგეობის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს გ. ბ-ის საპროცესო სტატუსი. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე გ. ბ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლების გათვალისწინებით, გ. ბ-ე არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ის სავალდებულო მოწვევის მესამე პირს წარმოადგენს და შესაბამისად გ. ბ-ე საქმეში უნდა ჩაბმულიყო სასკ-ის მე-16 მუხლის არა პირველი, არამედ მე-2 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამგეობის 01.08.1995წ. #30 გადაწყვეტილების ტექსტი არაორაზროვნად ადასტურებს ოთხოთახიანი ბინის გამოყოფის ფაქტს. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-ე ოჯახთან ერთად გამგეობის ჯერ კიდევ 25.05.93წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. წყალტუბოს ზონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მუშა-მოსამსახურეთა აღრიცხვის სიაში იყო შეყვანილი. ამასთანავე გამგეობის 01.08.95წ. #30 გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და არ წარმოადგენს დავის საგანს, ამდენად ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოძიებული გამგეობის 01.08.1995წ. #30 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმა #5, არ წარმოადგენს ბინის გამოყოფის ფაქტის დადგენის, გამგეობის 12.02.08წ. #35 სადავო ბრძანების კანონიერების გამომრიცხავ გარემოებას.
სადავო ფართზე სარგებლობის უფლებას არ გამორიცხავს გ. ბ-ის სახელზე ორდერის გაუცემლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლიდან (25.11.1997წ.) მოქმედი კანონმდებლობა ფართში შესახლების აუცილებელი პირობად აღარ ითვალისწინებს ორდერის გაცემას, ხოლო საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში გ. ბ-ის სახელზე ორდერი არ გაცემულა მოსარჩელის მიერ ფართის თვითნებური დაკავების გამო, ამასთანავე ადგილობრივი მართველობის ორგანო ადასტურებს სადავო ფართზე გ. ბ-ის უფლებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წყალტუბოს გამგეობის 01.08.1995წ. #30 გადაწყვეტილებით ბინა გამოეყო არა გ. ბ-ეს, არამედ გ. ბ-ეს. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული შესაძლოა ტექნიკური უზუსტობაც იყოს. ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო პალატის მიერ სავარაუდოდ არის დადგენილი მაშინ, როდესაც გამგეობის 01.08.1995წ. #30 გადაწყვეტილების ტექსტში მოცემული იმ პირის მონაცემები, რომელსაც გამოეყო ბინა (სახელი, მამის სახელი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრთა რაოდენობა) იძლეოდა პიროვნების იდენტიფიკაციის საკმარის შესაძლებლობას. საქმეზე არ არის დადგენილი აგრეთვე ის, თუ სახელდობრ რომელი ბინა იქნა გამოყოფილი გამგეობის 01.08.1995წ. #30 გადაწყვეტილებით. სასამართლოს ამ მიმართებით არ შეუფასებია მოპასუხის განმარტებები. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ. ჯ-ის მიერ დაკავებული ბინა არ არის ოთხოთახიანი. სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება გ. ჯ-ის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას დაკავებული აქვს სამოთახიანი ბინა. სააპელაციო საამართლოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 21.04.08წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, ხოლო მოწმე ლ. ხ-ემ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა ნ. კ-ის მიერ 1991 წელს ოთხოთახიანი ბინის დაკავების ფაქტი. გარდა ამისა, მოსარჩელე სასარჩელო განცახებაში (ტ.1, ს.ფ. 5) თავად აღნიშნავს, რომ ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინის გასაღები მისმა მეუღლემ ნ. კ-მა მიიღო სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსისაგან. სასამართლოს არ შეუფასებია შპს “---” მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამდენად საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად უნდა დაგინდეს გ. ჯ-ის მფლობელობაში არსებული ბინის ფართის ოდენობა ნახაზზე გ. ბ-ძისათვის გამოყოფილი ბინის ფართთან მიმართებაში. ამდენად, საქმეზე არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამორკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზისა და მათგან მიღებული დასკვნების გარეშე შეუძლებელია საქმის სწორი გადაწყვეტა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მულის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.09.08წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.07.08წ. გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 12.02.08წ. ბრძანება გ. ბ-ისათვის ქ. წყალტუბოში, ... მე-2 ჩიხი, #1/8-ში მდებარე ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე