¹ბს-1366-1324 (კ-08) 21 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
დავის საგანი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹561 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 09 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. გ-ემ 2008 წლის მაისში სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹561 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება დაბა ჩაქვში, ..... ქუჩა ¹84-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა _”ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹561 გადაწყვეტილება და დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას –დაბა ჩაქვში, .... ქუჩა ¹84-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღიარო საკუთრების უფლება და გასცეს შესაბამისი საკუთრები მოწმობა” არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525-ე ბრძანებულებისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)@არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”@საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს.
რაიონულმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹561 გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹561 გადაწყვეტილებაში უარის თქმის ერთ-ერთ მთავარ მოტივად მითითებულია_ ,,არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი”, კასატორის აზრით, აღნიშნული მითითება არასწორია, რადგანაც კომისიისა და სასამართლოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბუთების Hჩამონათვალს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ Eეჭვი იქნა შეტანილი სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტში ისე, რომ არ განუხორციელებია აღნიშნული მიწის ნაკვეთის დათვალიერება და არ გამოუკითხავს დამატებითი მოწმეები, კომისიამ სარგებლობის ფაქტზე იმსჯელა, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის ¹525 ბრძანებულების 12 თავის მე-2 და მე-6 პუნქტებში ჩამოყალიბებული მოთხოვნები, რაზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
კასატორის განმარტებით, ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹561 გადაწყვეტილებაში უარის თქმის მოტივად მითითებულია, რომ ,,საკუთრების აღიარება ეწინააღმდეგება სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას”, მაშინ როდესაც ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავდა ,,სივრცითი ტერიტორიული მოწყობის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას” არსებული მიწის ნაკვეთისათვის; ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ,,გამოყენებისა და განაშენიანების ,სივრცითი ტერიტორიული მოწყობის პირობების და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმების” შემუშავება და დამტკიცება სცილდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებს. შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ასეთი გეგმების არსებობა თავიდანვე გამორიცხული იყო.
კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ “არასწორად განმარტა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” პუნქტი და საერთოდ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები; მე-12 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები; მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან რ. გ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70%_ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე;
2. რ. გ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%_210 (ორას ათი) ლარი ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.