Facebook Twitter

ბს-1367-1325(კ-08) 10 მარტი, 2009 წელი

q. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე)- მ. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ საარქივო სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინება;

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. მ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-9/.

საქმის გარემოებები:

მ. მ.-ე მუშაობდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოში მოქალაქეთა განცხადებებზე მიღების განყოფილების უფროსად. საარქივო სამმართველოს უფროსის 2008 წლის 11 მარტის ¹55 ბრძანებით, სამმართველოში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან სამმართველოში ჩატარებულ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება, რეორგანიზაციამდე სამმართველოში იყო 60 საშტატო ერთეული და ამდენივე დარჩა რეორგანიზაციის შემდეგაც. ამასთან, მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრული ფუნქციები სამმართველოში შენარჩუნებულ იქნა და ისინი გადანაწილდა სხვადასხვა შტატზე, შესაბამისად, მის მიერ დაკავებული შტატი არ შემცირებულა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამდენად, სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, ამასთან, იგი ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას.

მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მითითებულ სამმართველოში რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძველი გახდა აჭარის ა/რ მთავრობის 2008 წლის 6 მარტის ¹12 დადგენილება, რომლის თანახმად, შეიცვალა სამმართველოს სტრუქტურა და შტატები. სამმართველოს დებულებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა სამმართველოს სტრუქტურა და დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, სადაც მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობა აღარ განისაზღვრა. ამდენად, სამმართველოში მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილება აღარ არსებობდა და შესაბამისად, აღარც მოსარჩელის საშტატო ერთეული იყო დარჩენილი. ამასთან, სამმართველომ მ. მ.-თან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე კვლავ საარქივო სამმართველოში მუშაობს /იხ.ს.ფ. 21-22/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე მუშაობდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოში მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილების უფროსად. აჭარის ა/რ მთავრობის 2008 წლის 6 მარტის ¹12 დადგენილებით “აჭარის ა/რ საარქივო სამმართველოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საარქივო სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, გაუქმდა სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილება და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნულის საფუძველზე ცვლილებები შევიდა სამმართველოს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგში. საარქივო სამმართველოს უფროსის 2008 წლის 11 მარტის ¹55 ბრძანებით სამმართველოში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, მ. მ.-ე გათავისუფლდა სამუშაოდან მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილების გაუქმების გამო.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა სამსახურიდან გათავისუფლებულიყო დაწესებულების შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. მ.-ის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი /იხ.ს.ფ. 57-62/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ.-მ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო, არაობიექტური და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, კერძოდ, რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომი საშტატო განრიგები და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება. სასამართლომ ისე ჩათვალა დადგენილად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. როგორც სარჩელში, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მითითებულ იქნა იმ გარემოებაზე, რომ საარქივო სამმართველოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა საარქივო სამმართველოს მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილება, თუმცა საარქივო სამმართველოში რეორგანიზაციას არ მოჰყოლია დაწესებულების 60 საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირება.

საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლი, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ასევე სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი. სასამართლომ გამოყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა კანონი – რეორგანიზაცია ნიშნავს დაწესებულებაში საშტატო თანამდებობების გაუქმებას, ახალი სამსახურების, განყოფილებების, თანამდებობის შემოღებას და თანამდებობრივი ფუნქციების გადანაწილებას, რაც სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული /იხ.ს.ფ. 68-77/.

მოწინააღმდეგე მხარემ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ცნო მ. მ.-ის სარჩელი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 114, სხდომის ოქმი/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე მუშაობდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოში მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილების უფროსად. აჭარის ა/რ მთავრობის 2008 წლის 6 მარტის ¹12 დადგენილების თანახმადაც, სამმართველოს დებულებაში შევიდა ცვლილება და დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები. გაუქმდა 3 სამსახური და 5 განყოფილება, მათ შორის ის განყოფილება, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. საარქივო სამმართველოს უფროსის 2008 წლის 11 მარტის ¹55 ბრძანების თანახმად, მ. მ.-ე გათავისუფლდა სამსახურიდან განყოფილების გაუქმების გამო, რომელშიც ის მუშაობდა. საარქივო სამმართველოს უფროსის 2008 წლის 11 მარტის ¹101 ბრძანების თანახმად, მ. მ.-ე აყვანილ იქნა დამხმარედ საარქივო სამმართველოს დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო ტექნიკური დამუშავების განყოფილებაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. მ.-ის გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 მუხლის მითითება კანონიერი იყო, ვინაიდან ეს მუხლი ითვალისწინებდა რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის გათავისუფლებას, თუ მას შტატების შემცირება მოჰყვა, ხოლო საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის თანამდებობა გაუქმდა და აღარ არსებობდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მ. მ.-ე ხელშეკრულებით იქნა გადაყვანილი არქივის სამმართველოს უფროსის მოდგილედ, რომელიც 3 თვის ვადით იქნა დადებული, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მ. მ.-ს არ გაუგრძელდა ხელშეკრულების ვადა, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. დამსაქმებლის სურვილი იყო, გააგრძელებდა თუ არა ხელშეკრულებას დასაქმებულთან, ანუ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა გამოხატა ნება, რომ მას მ. მ.-თან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა, შესაბამისად, სასამართლო ვერ ჩაერეოდა დაწესებულების დისკრეციულ უფლებამოსილებაში /იხ.ს.ფ. 122-131/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის განმარტებით, რეორგანიზაცია ნიშნავს დაწესებულებაში საშტატო თანამდებობების გაუქმებას, ახალი სამსახურების, განყოფილებების, თანამდებობების შემოღებას და თანამდებობრივი ფუნქციების გადანაწილებას, რაც სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ გაუქმდა ძველი თანამდებობა, მაგრამ ის ფუნქციები, რაც მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილებას გააჩნდა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებზე იქნა გადანაწილებული. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა, ასევე, შრომის კოდექსი, რომლის საფუძველზეც მიიჩნია, რომ აღნიშნული კოდექსი არ ითვალისწინებს სამუშაოზე აღდგენას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

კასატორის განმარტებით, სადავო ბრძანება ზიანს აყენებს მის უფლებას. საარქივო სამმართველოში გაუქმდა არაერთი განყოფილება, მათი ფუნქციები გადანაწილდა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ განყოფილებებზე 60 საშტატო ერთეულიდან. დანარჩენი მოხელეები ყველა დაინიშნა რეორგანიზაციის შედეგად ახლად შექმნილ თანამდებობებზე, მათ შორის ისინიც, რომლებსაც საარქივო სამმართველოში ჩატარებული ატესტაცია არ ჰქონდათ გავლილი. რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობებზე გადანაწილების დროს მხედველობაში არ იქნა მიღებული ატესტაციის შედეგები. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე დადგენილია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის განჩინება ¹ბს-333-466-კ-03) /იხ.ს.ფ. 145-154/.

მოწინააღმდეგე მხარეს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს წერილობითი შეპასუხება საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /დივერგენტული კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა მ. მ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს წარმომადგენელმა არ ცნო მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ საარქივო სამმართველოს 2008 წლის 11 მარტის ¹55 ბრძანება ძალაში შესვლის მომენტიდან, აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ საარქივო სამმართველოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი მ. მ.-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე, ასევე დაევალოს აუნაზღაუროს მ. მ.-ს იძულებითი განაცდური 2008 წლის 30 მაისიდან (სამთვიანი ხელშეკრულების მოშლიდან) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე დროის პერიოდში სახელფასო განაკვეთისა და საკონტრაქტო ანაზღაურების განსხვავების მიცემით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტს სამართლებრივი შეფასება მისცა არა მასში მითითებული სამართლებრივი საფუძვლის, არამედ, სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების (რომელიც სრულ შეუსაბამობაშია აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან) მიხედვით, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლით დადგენილ აქტის კანონიერების შემოწმების კრიტერიუმებთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ საარქივო სამმართველოს ბრძანება მ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კერძოდ, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეწყდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელე მ. მ.-სა და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ საარქივო სამმართველოს შორის. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს 2008 წლის ¹15 ბრძანება _ “აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოში ცენტრალური აპარატის 2008 წლის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ, სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პრეამბულის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონის მე-13 მუხლით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით, ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.

საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. ასევე, აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე მისი გათავისუფლების საკითხიც.

საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მ. მ.-ის გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 მუხლის მითითება კანონიერი იყო, რადგან ეს მუხლი ითვალისწინებდა რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის გათავისუფლებას, თუ მას შტატების შემცირება მოჰყვა, ხოლო საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის თანამდებობა გაუქმდა და აღარ არსებობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებისა და მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება საერთოდ არ არის გამოცემული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე; სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მითითებას, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1. მუხლის საფუძველზე _ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, რამდენადაც სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულია აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს 2008 წლის ¹15 ბრძანება _ “აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოში ცენტრალური აპარატის 2008 წლის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ საქმის განხილვის მიმდინარეობისას, საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე მ. მ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა შტატების შემცირების გამო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1. მუხლის საფუძველზე, ანუ ფაქტობრივად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი კვალიფიკაცია მოხდა მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ, ამადენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1. მუხლის თანახმად კი მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე დაწესებულებაში რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება და ეს ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებისათვის. ასეთ შემთხვევაში სადავო აქტის სასამართლოში მისადაგებული სამართლებრივი კვალიფიკაციაც კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი წინაპირობა მისი გაზიარებისთვის.

საკასაციო სასამართლოს მიმაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტულად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის რომელი ნორმის საფუძველზე გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რა საფუძველს, რომელიც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა გახდა, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე დაასკვნა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და კონკრეტულად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის რომელი ნორმის მიხედვით გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის მასალების თანახმად, აჭარის ა/რ მთავრობის 2008 წლის 6 მარტის ¹12 დადგენილებით “აჭარის ა/რ საარქივო სამმართველოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საარქივო სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, გაუქმდა სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის განყოფილება და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნულის საფუძველზე ცვლილებები შევიდა სამმართველოს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგში, თუმცა რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია, რამდენადაც განხორციელებულ ცვლილებამდე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოში არსებობდა 60 საშტატო ერთეული, ამასთან, რეორგანიზაციის შემდეგაც საშატო განრიგი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში კვლავ 60 შტატით განისაზღვრა.

საკასაციო სასამართლოს მიმაჩნია, ის გარემოება, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი ძალაში შევლის მომენტიდან ბათილად ცნობის საფუძველია, კერძოდ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ანუ სახეზეა სადავო აქტის ბათილად ცნობის როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცედურული საფუძველი, აქტში არ არის მოხდენილი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე სამართლებრივი კვალიფიკაცია, დადგენილი ფაქტები, რის გამოც არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი და სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობისა და ა.შ. როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ.-ე ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას. ამასთან, კონკრეტული თანამდებობის შერჩევა, რომელზეც ის უნდა აღდგეს, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას ყოველი კონკრეტული გარემოების ერთობლიობაში გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ვერ იმსჯელებს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100.1. მუხლის საფუძველზე, უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე მ. მ.-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა, თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, რომ ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (ასე მაგალითად, შტატი არ საჭიროებდა უმაღლეს განათლებას, მაშინ, როცა რეორგანიზაციის საფუძველზე ამგვარი შტატის დასაკავებლად უმაღლესი განათლება იყო საჭირო.), ხოლო ის გარემოება, რომ მ. მ.-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული, რომელიც რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, იმ პირობებში, როცა მ. მ.-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გადაწყვეტილების მიღება მ. მ.-ის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უნდა დაევალოს აუნაზღაუროს მ. მ.-ს იძულებითი განაცდური 2008 წლის 30 მაისიდან (სამთვიანი ხელშეკრულების მოშლიდან) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე დროის პერიოდში სახელფასო განაკვეთისა და საკონტრაქტო ანაზღაურების განსხვავების მიცემით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ საარქივო სამმართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა .ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4, 257-ე, 372-ე, 391-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნას ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს 2008 წლის 11 მარტის ¹55 ბრძანება ძალაში შესვლის მომენტიდან;

5. დაევალოს მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას საარქივო სამმართველოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. მ.-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

6. მოპასუხეს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს დაევალოს აუნაზღაუროს მ. მ.-ს იძულებითი განაცდური 2008 წლის 30 მაისიდან (სამთვიანი ხელშეკრულების მოშლიდან) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე დროის პერიოდში სახელფასო განაკვეთის და საკონტრაქტო ანაზღაურების განსხვავების მიცემით;

7. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.