ბს-1368-1326(კ-კს-08) 29 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 16 მარტს ი. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე აბაშის რაიონის გამგეობის მიმართ და შრომის წიგნაკში ცვლილებების შეტანა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლიდან მუშაობდა აბაშის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილებაში. 2007 წლის 26 თებერვალს გადაეცა შრომის წიგნაკი, საიდანაც შეიტყო, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანებით იგი გათავისუფლებული იყო სამუშაოდან. შრომის წიგნაკში არასწორად იყო მითითებული ი. შ-ის თანამდებობა და მისი დანიშვნა-გათავისუფლების საფუძველი.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და შრომის წიგნაკის ¹8 და ¹9 ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, თანამდებობის _ უფროსი სპეციალისტის მითითება, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანების ბათილად ცნობა და საფინანსო სამსახურში მის მიერ ადრე დაკავებულ შესაბამისი რანგის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შრომის წიგნაკის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში კი სარჩელი უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია. მოპასუხემ განმარტა, რომ ი. შ-ე ერთი თვით ადრე იყო წერილობით გაფრთხილებული მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ი. შ-ის სახელზე გაცემულ შრომის წიგნაკის ¹8 და ¹9 ჩანაწერებში და იზოლდა შანიძე მითითებულ იქნა უფროს სპეციალისტად; აბაშის რაიონის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ი. შ-ის პრეტენზია, რომ მისი შრომის წიგნაკში ¹8 და ¹9 ჩანაწერები იყო არასრული და არ ასახავდა ცნობებს ი. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის შესახებ, რის გამოც, მოსარჩელის სახელზე გაცემულ შრომის წიგნაკის ¹8 და ¹9 ჩანაწერებში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 126-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ცვლილებები უნდა შესულიყო და უნდა მითითებულიყო ი. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა _ უფროსი სპეციალისტი.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ არ მომხდარა საფინანსო სამსახურის ლიკვიდაცია, რადგან დადგენილი იყო, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹115 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, რაიონების საფინანსო სამსახურები 2005 წლის 1 იანვრიდან აღარ განეკუთვნებოდა საქართევლოს ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ დაწესებულებებს და აღნიშნული თარიღიდან ექვემდებარებოდა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 691–ე მუხლით დადგენილი იყო, რომ ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა აბაშის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის ლიკვიდაცია, რაც გახდა სამუშაოდან თანამშრომელთა გათავისუფლების საფუძველი.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სამსახურში უფროსი სპეციალისტის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანებით ი. შ-ე გათავისუფლდა საფინანსო სამსახურის სპეციალისტის თანამდებობიდან “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აბაშის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციის გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე, 108-ე და 109-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანება ი. შ-ეს ჩაბარდა 2006 წლის 21 დეკემბერს, რაც დასტურდებოდა ბრძანების ასლზე მისივე ხელმოწერით (ს.ფ 62). აღნიშნულს სადავოდ არც ი. შ-ე მიიჩნევდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. შ-ის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, მოსარჩელეს სასამართლოსთვის სარჩელი უნდა წარედგინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება ერთი თვის ვადაში უნდა გაესაჩივრებინა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო მიიღებდა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება ამ ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ-ემ და აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ი. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 29 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი. შ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანებით ი. შ-ე “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აბაშის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციის გამო, გათავისუფლდა საფინანსო სამსახურის სპეციალისტის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ი. შ-ეს ჩაჰბარდა 2006 წლის 21 დეკემბერს, რაც დასტურდება ბრძანების ასლზე მისივე ხელმოწერით (ს.ფ 62) და რაზეც პირდაპირ მიუთითებს ი. შ-ე კერძო საჩივარში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მან მხოლოდ 2007 წლის 13 თებერვალს შეიტყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2006 წლის 19 ოქტომბერს იგი გაფრთხილებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (ს.ფ 25), ხოლო 2006 წლის 21 დეკემბერს მან ჩაიბარა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. შ-ის მიერ გაშვებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადა, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურებრივი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რაც გამომდინარეობს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-22 პუნქტის დეფინიციიდან, რომლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. ამდენად, აღნიშნული ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებაზე, გავრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელი უნდა წარუდგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს 22-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის გამო, კანონიერად შეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლა სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველია, მითუმეტეს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გასაჩივრების სხვა ვადა არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე და თვლის, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.