Facebook Twitter
ბს-1369-1327(კ-08)

ბს-1369-1327(კ-08) 16 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, განმცხადებელი) _ შპს «...»

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 27 დეკემბერს შპს «...-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 5 ნოემბრის ¹01-22/639 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, ... სკოლის მიმდებარედ 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს «...-ის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 5 ნოემბრის ¹01-22/639 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, ... სკოლის მიმდებარედ 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოსარჩელეზე გაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «...-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 20 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს «...-ის» საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორ შპს «...-ს» დაევალა, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

შპს «...-მა» საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შპს «...-ის» განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (თავი XLIX _ საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს, ანუ თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში (თავი XLVI _ საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში) მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს «...-მა» უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მეხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 378-ე მუხლებით, 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «..-ის» განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება;

4. შპს «...-ს» განემარტოს, რომ მას აღარ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით კვლავ გასაჩივრების უფლება;

5. შპს «...-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.