Facebook Twitter

ბს-1372-1330(კ-08) 6 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა პ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ პ. მ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები – ქ. ბათუმის მერია და თ. ვ-ძე, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

პაატა მეგენეიშვილმა 2007 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹052007017309-03 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ბინა ¹30-ის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარების დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ქ. ბათუმის მერია და თ. ვ-ძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით პ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹052007017309-03 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ბინა ¹30 საკუთრების უფლებით დარეგისტრირდებოდა პ. მ-შვილის სახელზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ. მ-შვილმა.

საკასაციო პალატამ პ. მ-შვილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით პაატა მეგენეიშვილს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

პ. მ-შვილის წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ დანიშულ ვადაში განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის სამეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით პ. მ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა. კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პ. მ-შვილს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2008 წლის 25 დეკემბერს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2008 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2009 წლის 1 იანვარს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 15 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული პ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.