Facebook Twitter

ბს-1375-1314(კ-09) 29 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ხ-იანის წარმომადგენლის ე. ნ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. დ-იანმა სარჩელი აღძრა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის და ს. ხ-იანის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის საფუძველზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-12).

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. დ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 124-125).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. დ-იანმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 133-140).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. დ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. დ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 5 დეკემბრის ბრძანება და მის საფუძველზე 2008 წლის 8 დეკემბერს გაცემული ორდერი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2008 წლის 5 დეკემბრის ბრძანებასა და მის საფუძველზე 2008 წლის 8 დეკემბერს გამოცემულ ორდერში ს. ხ-იანთან ერთად მიეთითა ქ. დ-იანი (იხ.ს.ფ. 216-222)

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ხ-იანის წარმომადგენელმა ე. ნ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 229-238).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნოდარ ს. ხ-იანის წარმომადგენლის ე. ნ-იას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინდა მოწინააღმდეგე მხარემ ქ. დ-იანმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ხ-იანის წარმომადგენლის ე. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ს. ხ-იანის წარმომადგენლის ე. ნ-იას მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს. ხ-იანის წარმომადგენლის ე. ნ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ხ-იანის წარმომადგენლის ე. ნ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.